”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სოფელ ხანდოს მაცხოვრებლები სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

სოფელ ხანდოს მაცხოვრებლები  სამართალდამცველებს შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ახალქალაქის პოლიციის შენობაში, დაკითხვისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სოფელ ხანდოს მაცხოვრებლებს შორის ცოლაკ მელიქიანი ერთ–ერთია, ვინც სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ ძალადობაზე ღიად საუბრობს.  მისი თქმით,   1 სექტემბერს ახალქალაქის პოლიციის შენობაში დაკითხვაზე წაიყვანეს. მელიქიანი ირწმუნება, რომ პოლიციის უფროსი და მის ქვეშევრდომები, დაახლოებით,  40 წუთის განმავლობაში აწამებდნენ და ადგილობრივი მკვიდრის, 78 წლის ქალის მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ.

„გვაგინებდნენ,  გვცემდნენ. თავზე ცელოფნის პარკი ჩამოგვაცვეს. ორ ადამიანს ხელები ეკავა, ორს ფეხები, ერთი კი მუცელში გვირტყამდა. ჰაერი არ მყოფნიდა, ლამის გავიგუდე. ცელოფანი გაიხა და შემდეგ ტომარა ჩამომაცვეს. დაახლოებით,  40 წუთი მაწამებდნენ. მერე  მეორე ოთახში შემიყვანეს და მითხრეს დანაშაული აღიარეო. ჩვენ კი ერევანში გაგიშვებთ და საქმეს დავხურავთო“

ცოლაკ მელიქიანის გარდა, ახალქალაქის პოლიციის უფროსსა და მის ქვეშევრდომებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში სხვა ადგილობრივებიც ადანაშაულებენ. სირაჟ შირინიანი ამბობს, რომ სამართალდამცველები მას ოჯახის წევრების გაუპატირებით დაემუქრნენ.

„მოადგილე მოვიდა. მითხრა შენმა ნათესავმა  ცოლაკმა მკვლელობა უკვე აღიარაო. იმას ერევანში გადავიყვანთ,  შენ მოიფიქრე სად გინდაო. მერე  ჩვენ ერთად დაგვაჯინეს. ცოლაკს ვუთხარი, ჯობია აქ მოვკვდეთ,  ნუ იღებ საკუთარ თავზე მკვლელობას მეთქი. ამის გამო ცემა დამიწყეს. ორი წლის და 8 წლის შვილები მყავს.  ფოტო მანახა ოჯახის და მითხრა რომ შენს თვალწინ გაგიუპატიურებთო. მითხრეს: ჯობია ან შენ აღიარო ან შენმა ნათესავმა აღიარო, სხვა გზა არ გაქვთო. დილით 9 საათზე მიგვიყვანეს ახალქალაქის პოლიციაში და ღამის 2 საათამდე  იქ ვიყავით. მერე გამოგვიშვეს.  მეორე დილით ჩემი და წაიყვანეს. მერე ცოლაკიც. ჩემმა დამ დამირეკა გუშინ, მიშველე მკლავენო და ტელეფონი გაუთიშეს“.

„მკვლელობის დროს მე დედასთან სტუმრად ვიმყოფებოდი. გარდაცვლილი დედაჩემის მეზობლად ცხოვრობს. 1 სექტემბერს  პოლიციაში დაკითხვაზე წამიყვანეს.რაღაცეებს მეკითხებოდნენ. მერე  თავში ჩამარტყეს. ცუდად გავხდი, მაგრამ სასწრაფო დახმარების გამოძახება არ უნდოდათ.   მერე ერთერთმა უთხრა, ძალიან ცუდად არისო და ჯგუფი გამოიძახეს. თავი და გული ახლაც მტკივა“.

„საქმის გახსნისთვის მუშაობა საჭიროა, მაგრამ არა ასეთი მეთოდებით“ – აცხადებს სამართალდამცავი სტრუქტურის ყოფილი წარმომადგენელი და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი. არსენ კარაპეტიანი შესაბამის სტრუქტურებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში  სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფისა და ზეწოლის ფაქტებს არ ადასტურებენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანდოში, 78 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი, მეზობლებმა 28 აგვისტოს იპოვეს. ახლობლების თავდაპირველი ვარაუდით, მარტოხელა ქალს წნევამ დაარტყა, თუმცა დაკრძალვის დღეს, ყელისა და გულის არეში ჭრილობა შეამჩნიეს.  უწყებაში აგანმარტავენ, რომ გამოძიება სსკ–ის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. დანიშნულია  ექსპერტიზა, რომლის მიხედვითაც  მუხლის გადაკვალიფიცირება მოხდება.

3 comments on “სოფელ ხანდოს მაცხოვრებლები სამართალდამცველებს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ

  1. გამოხმაურება: ახალქალქის რაიონული სამმართველოს უფროსი გათავისუფლებულია |

  2. გამოხმაურება: ახალქალქის რაიონული სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს |

  3. გამოხმაურება: ახალქალქის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს |

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE