”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

დეზინფორმაციის გავრცელება თუ სამართალდამცველების ინტერესების დაცვა?

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშნის  მაცხოვრებლებმა  “სამხრეთის კარიბჭე”–ს რედაქციასთან აქცია  გამართეს. მოკლული ბებიისა და შვილიშვილის  თანასოფლელებმა გაზეთი  დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. თავად  “სამხრეთის კარიბჭე” ფაქტს რედაქციის მუშაობაში ჩარევასა და ზეწოლის მცდელობად აფასებს.

ხმაური გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეს“ რედაქციასთან, გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა. მოკლული ბებიისა და შვილიშვილის ოჯახის წევრებმა და  თანასოფლელებმა გაზეთი  დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. ისინი  აცხადებენ, რომ  “სამხრეთის კარიბჭე”–ს ჟურნალისტი თამუნა უჩიძე მხოლოდ ერთი მხარის პოზიციაზე წერს და მათი მოსაზრებით არ ინტერესდება. ჟურნალისტების კითხვაზე, კონკრეტულად, რა იყო ტყუილი, რომელიც “სამხრეთის კარიბჭემ” გაავრცელა, გოგაშნელები აცხადებენ, რომ გაზეთმა მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი დაამახინჯა. აქციის მონაწილეებმა რედაქციის დახურვა  მოითხოვეს.

რედაქციასთან  საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველებიც.   თამუნა უჩიძის თქმით, გაზეთი მოვლენებს ყოველთვის აშუქებს ისე, როგორც რეალურად ხდება. ჟურნალისტის განმარტებით, მისი განსასჯელი არ არის, ვინ არის დამნაშავე. გოგაშნელებმა უკმაყოფილება “სამხრეთის კარიბჭე”–ს გარდა, ტელეკომპანია “მაესტროს მიმართაც გამოხატეს. მათი მტკიცებით, სიმართლე არც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა.

ოფისთან მიმდინარე მოვლენებს თვალ–ყურს ადევნებდნენ არსმთავრობო ორგანიზაცია „დემოკტრატ–მესხთა კავშირის“ წარმომადგენლები.  იურისტი  ეკა აბაშიძე აღნიშნულთან დაკავშირებით ეჭვობს, რომ გოგაშენის მოსახლეობამ აღნიშნული აქციით, სამართალდამცველების ინტერესები დაიცვა, რადგან  ჟურნალისტმა ბრალდებულის დების მიმართ, პოლიციის მხრიდან  ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა. იურისტი არ გამორიცხავს, რომ აქციის უკან სწორედ სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელი პირები იდგნენ.

11 დეკემბერს  სამხრეთის კარიბჭის ოფისთან მომხდარი მოვლენებს გამოეხმაურა  ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელმაც სამართალდამცველებს ჟურნალისტების უსაფრთხოებისაკენ მოუწოდა. სპეციალური განცხადება გაავრცელა თავად რედაქციამაც, სადაც  ნათქვამია, რომ ეს იყო რედაქციის მუშაობაში ჩარევისა და ზეწოლის მცდელობა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს რეადქციისა და მისი ყველა თანამშრომლის უსაფრთხოებას და მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება. საქმე ეხება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგაშენში ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობას და მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.  გოგაშნელების უკმაყოფილება კი გაზეთის კორესპონდენტის მიერ მიმდინარე კვირაში მომზადებულმა სტატიამ გამოიწვია, სადაც, წერია, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დები სამართალდამცველებმა სცემეს და მათ გაუპატიურებით დაემუქრნენ.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE