შპს “ოცხე”, რომელიც ახალციხის ცენტრალური ქუჩების თოვლის საფარისგან გსუფთავებას უზრუნველყოფს, გზების საფუძვლიანად გაწმენდას ვერ ახერხებს. კომპანია დახმარებას ქალაქის მერიასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს სთხოვს.
ახალციხელები უხვი ნალექის გამო შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ჩივიან. პრობლემები ძირითადად, ქვეითად მოსიარულეებს შეექმნათ. ადგილობრივების თქმით, ტროტუარები თოვლისგან არ იწმინდება, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა.
ქალაქის ძირითადი ქუჩების თოვლის საფარისგან გაწმენდას შპს „ოცხე“ უზრუნველყოფს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნალექის დროს მათი თანამშრომლები ღამის თორმეტიდან დილის 6 საათამდე მუშაობენ. პრობლემას ქმნის ქუჩაში მდგომი ავტომობილები, რის გამოც სპეციალური ტექნიკა გზის გაწმენდას სრულად ვერ ახერხებს. შესაბამისად ვერ წმენდენ ტროტუარებსაც. შპს „ოცხე“–ს მთავარი ინჟინერი დასახმარებლად მერიასა და სამართალდამცველების მიმართავს.
უამინდობის გამო, ათეულობით სატვირთო ავტომობილი მთელი დღის განმავლობაში იდგა ქალაქის შემოსასვლელთან. როგორც მძღოლები აცხადებენ, უხვმა ნალექმა რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეაფერხა. ამიტომ სამართალდამცველებმა მოძრაობის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, პრობლემური მონაკვეთების გაწმენდამდე, მათ ახალციხეში დარჩენა ურჩიეს.
უხვი ნალექის გამო, პრობლემები არ შექმნილა ახალციხის სოფლებში. გამგეობაში აცხადებენ, რომ თოვლისგან გზები ყველა მიმართულებით დროულად გაიწმინდა და ტექნიკური მარილი დაიყარა. დიდთოვლობის დროს პრობლემები, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ძირითადად ათამდე სოფელში იქმნება, თუმცა 30 იანვრის ღამეს მოსული უხვი ნალექის გამო, გზა არცერთ სოფელში ჩაკეტილა. მუნიციპალიტეტის გზებს შპს „ვალის კომუნალური გაერთიანება“ ემსახურება.
ადიგენის მუნიციპალიტეტში 30 იანვარს თოვლის საფარმა 15 სანტიმეტრს მიაღწია. გზები გაიწმინდა ენთელი–შოყის, უდე–არლის, ადიგენი–უტყისუბნის მონაკვეთებსა და აბასთუმნის მიმართულებით. დიდთოვლობას პრობლემები არ შეუქმია ბორჯომისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.