გაკვეთილზე, ქურთუკებითა და ქუდებით ჯდომა, პირველი და მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეების ნაწილს უწევს. ძლიერი ყინვების დროს, მესამე სკოლის შენობის ნაწილი სათანადოდ ვერ თბება.
შექმნილი მდგომარეობის გამო მოსწავლეებმა ადმინისტრაციას არაერთხელ მიმართეს.
მესამე საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ საკლასო ოთახები, რომლებიც სათანადოდ ვერ თბება, შენობის B კორპუსში, მესამე და მეოთხე სართულზე მდებარეობს. ადმინისტრაციის განცხადებით, გათბობა 7–ის ნახევარზე ირთვება, თუმცა შენობის ნაწილში სათანადო ტემპერატურას მაინც ვერ აღწევს. მიზეზი გაუმართავი სისტემაა.
მესამე საჯარო სკოლის გათბობის სისტემის სრული რეაბილიტაცია, 2017 წელს არის დაგეგმილი – ამბობენ საგანმანათლებლო სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. უწყებაში განაცხადეს, რომ ამჟამად პროექტირება მიმდინარეობს. ამ დრომდე ვერ სახელდება თანხა, რომელიც პრობლემის გადაჭრას დასჭირდება.
მესამე საჯარო სკოლაში, სინოპტიკოსების მონაცემებზე დაყრდნობით, ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ელიან. ამიტომ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, გათბობის სისტემას შაბათ–კვირასაც ჩართავენ, რათა ორშაბათს მოსწავლეებს შეძლებისდაგვარად გამთბარი შენობა დახვდეთ.