არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ 30 დეკემბერს ადიგენის მუნიციპალიტეტს ეწვია. ორგანიზაციის წარმომადგენლები სოფელ მოხეში ადგილობრივ მუსლიმ და მართლმადიდებელ თემს შეხვდნენ და არსებული ვითარების შესახებ მოსახლეობის პრეტენზიები მოისმინეს.
უფლებადამცველთა ვიზიტის მიზანი იყო, სოფელში არსებული ვითარება გაერკვიათ მას შემდეგ, რაც სკოლის მართლმადიდებელმა დირექტორმა მუსლიმ გოგონას სკოლაში თავსაფრის გარეშე სიარული მოსთხოვა. დირექტორის მოთხოვნას მუსლიმი მოსწავლეების ორდღიანი პროტესტი მოყვა, რომელიც საბოლოოდ დირექტორის გადადგომის მოთხოვნაში გადაიზარდა. სოფელ მოხის საჯარო სკოლის მოსწავლეს თეონა ბერიძეს იურიდიულ დახმარებას ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ იურისტები უწევენ.