ზურაბ ხაჩიძე შსს–ს წინააღმდეგ – ახალციხის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა გაიმართა. მოპასუხე მხარემ მომჩივანის მოთხოვნით, პროცესზე შემთხვევის ფოტო-მასალა წარადგინა.
ზურაბ ხაჩიძე ირწმუნება, რომ პოლიციის მიერ შედგენილ ნახაზში, საპატრულო მანქანის 11–მეტრიანი მუხრუჭის კვალია, ხოლო კრიმინალისტიკური სამმართველოს მიერ გადაღებულ ფოტო-მასალაში მუხრუჭის კვალი საერთოდ არა ჩანს.
მოსამართლემ არსებულ საქმეზე ექსპერტიზა მოითხოვა, ექსპერტიზის კითხვების დასამუშავებლად მხარეებს ათი დღის ვადა მიეცათ. კითხვების წარდგენამდე საქმის არსებითი განხილვა შეჩერებულია. ზურაბ ხაჩიძე ეჭვობს, რომ საპატრულო პოლიცია მომხდარის დეტალებს მალავდა.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 19 ნოემბერს, ბორჯომში, მოხდა. ზურაბ ხაჩიძის მტკიცებით, მის ავტომობილს საპატრულო მანქანა დაეჯახა, დამნაშავედ კი თავად იქნა ცნობილი, რის გამოც სამართალდამცველებმა დაზარალებულს 250–ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოუწერეს. ზურაბ ხაჩიძე ავტომანქანაში არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად იჯდა. შემთხვევის შედეგად ორივე მათგანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე