”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მოხის მუსლიმმა მოსწავლეებმა საპროტესტო გამოსვლები შეწყვიტეს

მოხეს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს. ხვალიდან ახალგაზრდები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. მუსლიმი მოსწავლეები ამბობენ, რომ მიზანი მიღწეულია – მათი ამბით ხელისუფლება დაინტერესდა.

დღეს, 27 დეკემბერს, ახალგაზრდებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ  მოსწავლეებს პროტესტის შეწყვეტა ურჩიეს.

მოხის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ წინააღმდეგი არ არის მოსწავლეებმა შესაბამის სტრუქტურებს მიმართონ და თავიანთი პრეტენზიები დააფიქსირონ. ნათია რეხვიაშვილი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ყველაფერი გაირკვევა.

მოვლენების გარედან მართვას გამორიცხავს სამცხე–ჯავახეთის მუფთი. მამუკა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ უკმაყოფილება სწორედ სკოლიდან წამოვიდა. თვითონ კი ვითარებაში გაერკვია და მუსლიმი მოსწავლეების უფლებების დაცვის მიზნით, მათ გვერდით დადგა.

საპროტესტო აქციები მოხის სკოლასთან ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მუსლიმი მოსწავლეები სასწავლო დაწესებულების დირექტორის გადადგომას მოითხოვდნენ. ახალგაზრდები ირწმუნებიან, რომ ნათია რეხვიაშვილმა ერთ–ერთი მათგანის დისკრიმინაცია მოახდინა, როდესაც გოგონას თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვა. აღნიშნულს კატეგორიულად უარფობს სკოლის ხელმძღვანელი.

მოხის სასწავლო დაწესებულებაში 189 მოსწავლე ირიცხება. მათ უმრავლესობას მუსლიმი ახალგაზრდები წარმოადგენენ.

თიკო კურტანიძე

დატოვე კომენტარი:

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE