“თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია”– ეს განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მოხეს სკოლის ინციდენტის კომენტირებისას გააკეთა.

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, გადასახედია შინაგანაწესი, სადაც წერია, რომ თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია. მისი თქმით, ამ წესის მიღებისას არ იყო გათვალისწინებული რელიგიური მიზეზები.
“მე ძალიან დეტალურად ვადევნებ თვალ–ყურს, ამ შემთხვევას. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს შინაგანაწესში რელიგიური მიზეზები არ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მართლა წერია, რომ თავსაბურავით გაკვეთილებზე დასწრება შეზღუდულია. ალბათ თქვენც გახსოვთ ის პერიოდი, როდესაც ქუდებით ისხდნენ მოსწავლეები გაკვეთილებზე. ამიტომ თავის დროზე ასეთი ცვლილებელი შეტანილია ზოგიერთი სკოლის შინაგანაწესში. ამას არ ჰქონდა დისკრიმინაციული დატვირთვა ან მიზანი, რა თქმა უნდა.
ამ კონკრეტულ შემთვევაში სამინისტროს პოზიცია ცალსახაა. ჩვენ კონსტიტუცია გვავალდებულებს, რომ ყველა რელიგიას და ყვლა მრწამსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, პატივი უნდა ვცეთ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სხვა მოსწავლეების უფლებებს” – განაცხადა “იმედის” ეთერში ალექსანდრე ჯეჯელავამ
განათლების მინისტრი აცხადებს, რომ საკითხს უწყების რამდენიმე დეპარტამენტი სწავლობს.
“შეიძლება კონკრეტული დირექტორის ბრალიც იყოს. ვცდილობთ, რომ გავერკვეთ დეტალურად. შესაბამისი რეაგირება გვექნება აუცილებლად. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც მგონია, რომ უფრო ტრივიალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა, მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს მივიყვანოთ ბოლომდე, თუნდაც იმისთვის, რომ ყველა სკოლამ და ყველა დირექტორმა იცოდეს, რისი უფლება აქვს, რა ვალდებულება აქვს, რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს” – განაცხადა განათლებისა მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, მოხეს სკოლის ინციდენტზე, სამინისტრო მოკვლევის შედეგს ორ–სამ დღეში დადებს.
შეგახსენებთ, რომ მოხის სკოლასთან ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა. მუსლიმი მოსწავლეები სასწავლო დაწესებულების დირექტორის გადადგომას მოითხოვდნენ. ახალგაზრდები ირწმუნებიან, რომ ნათია რეხვიაშვილმა ერთ–ერთი მათგანის დისკრიმინაცია მოახდინა, როდესაც გოგონას თავსაბურავის მოხსნა მოსთხოვა. აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს სკოლის ხელმძღვანელი.
თიკო კურტანიძე
You must be logged in to post a comment.