ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ცოლ–ქმარი, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
შემთხვევა 25 დეკემბერს, ღამით მოხდა.
მეზობლების თქმით ანალოგიური შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინაც მოხდა, გარდაცვლილი ქალბატონი შეუძლოდ გახდა, თუმცა მაშინ შემთხვევა აირის გაჟონვას არავინ დაუკავშირა.
გარდაცვლილების მეზობლები იმასაც განმატავენ, რომ გაზის გამათბობელის მილი კორპუსის ცენტრალურ გამწოვზე იყო მიერთებული, რაც სავარაუდოდ გასაწმენდი იყო და აირის დაგროვება ამან გამოწვია.
აირის გაჟონვის გამო, მოიწამლა გარდაცვლილი ცოლ–ქმრის მეზობელი ოჯახიც. ოთხი წევრი, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად, კლინიკა ,,იმედში,” გამთენიისას გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მათ ინტენსიური თერაპია ჩაუტარდათ და კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს.
შსს–ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ. საქმის ძიება სსკ–ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის პასუხები გახდება ცნობილი, შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს. შემთხვევის ადგილზე მდგომარეობის შესწავლა დაიწყეს კომპანია ,,ინტერგაზის” წარმომადგენლებმა.