საკუთარი უფლებების დასაცავად თითოეულ ადამიანს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. საქართველოს სასამართლოების სისტემა შედგება 3 საფეხურისგან:

რაიონული (საქალაქო) სასამართლოები (პირველი ინსტანცია), სააპელაციო სასამართლოები (მეორე ინსტანცია) და საქართველოს უზენაესი სასამართლო (მესამე ინსტანცია).დარღვეული უფლებების აღდგენა იწყება პირველი ინსტანციის სასამართლოში.
ზოგადი წესის თანახმად, რაიონული სასამართლოები განიხილავენ კონკრეტულ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტებზე შეტანილ საჩივრებს, განცხადებებს და სარჩელებს. მაგალითად, დავას მეზობლებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ფარგლებში (მუნიციპალიტეტში ან ნებისმიერ სოფელში), განიხილავს ახალქალაქის რაიონული სასამართლო.რაიონული სასამართლო შედგება არანაკლებ 2 მოსამართლისაგან, სადაც ერთი მოსამართლე განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს, ხოლო მეორე – სამოქალაქო და სხვა კატეგორიის საქმეებს. რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მაგისტრატი მოსამართლეები, რომლებიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებენ სხვა მუნიციპალიტეტში. მაგალითად, ამჟამად ახალქალაქის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში შედის 4 მოსამართლე, რომელთაგან 3 – სამოსამართლო საქმიანობას ეწევა ახალქალაქში, ხოლო ერთი – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში; ახალციხის რაიონული სასამართლოს შემადგენლობაში არის 7 მოსამართლე: 4 ახალციხეში, 1 ადიგენში, 1 ასპინძაში, 1 ბორჯომში.
რაიონული სასამართლოს მოსამართლისაგან განსხვავებით მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ მხოლოდ კონკრეტულიკატეგორიებისსაქმეებს, რომელთა ჩამონათვალი დადგენილია კანონმდებლობით. თუ მაგისტრატ მოსამართლესთან განსახილველად შევა სხვა კატეგორიის დავა, მაშინ აღნიშნული საქმე განსახილველად გადაეცემა იმ რაიონულ სასამართლოს, რომლის შემადგენლობაშიც არის მაგისტრატი სასამართლო. მაგალითად, მაგისტრატ მოსამართლეს შეუძლია განიხილოს 2000 ლარამდე არსებული ქონებრივი დავა. თუ ადიგენის მაგისტრატ სასამართლოში შევიდა ქონებრივი დავა და მხარე ითხოვს 3000 ლარს, მაშინ ადიგენის რაიონული სასამართლო ამ დავას განსახილველად გადასცემს ახალციხის რაიონულ სასამართლოს.
თუ მხარე არ ეთანხმება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მას შეუძლია კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივროს ეს გადაწყვეტილება.თუ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა მითითებულ ვადაში, მაშინ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მეორე ინსტანციაში – სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოები წარმოადგენენ მეორე ინსტანციის რგოლს საერთო სასამართლოების სისტემაში და განიხილავენ სააპელაციო საჩივრებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების გადაწყვეტილებებზე. სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავს 3 მოსამართლე, თუმცა კანონით დადგენილ შემთხვევებში, შესაძლებელია საქმე განიხილოს ერთმა მოსამართლემაც.
საქართველოში არსებობს 2 სააპელაციო სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომელიც განიხილავს საჩივრებს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებებზე, და ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, რომელიც განიხილავს საჩივრებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა კანონით დადგენილ ვადაში. თუ გადაწყვეტილება არ გასაჩივრდა მითითებულ ვადაში, მაშინ იგი ძალაში შედის გასაჩივრების ვადის ამოწურვისთანავე. სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების საბოლოო ინსტანციის სასამართლოა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქმეების განხილვა ხორციელდება 3 მოსამართლის მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმეს განიხილავს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. თუმცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საერთაშორისო სასამართლოებში.
სასამართლოებში საქმეთა განხილვა იწყება სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. სარჩელი/განცხადება შედგენილი უნდა იყოს სპეციალური წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით. ადმინისტრაციულ საქმეზე ივსება ადმინისტრაციული სარჩელის ფორმა, ხოლო სამოქალაქო საქმეზე – სამოქალაქო სარჩელის ფორმა. პირი, რომელიც სარჩელით მიმართავს სასამართლოს არის მოსარჩელე, ხოლო ვის მიმართაც არის სარჩელი წარდგენილი – მოპასუხე.
ნებისმიერ ინსტანციაში საქმის განხილვისათვის საჭიროა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, რომელსაც იხდის მოსარჩელე, ხოლო დავის მოგების შემთხვევაში, აღნიშნული ხარჯი უბრუნდება მას და ბაჟის გადახდის ვალდებულება გადადის მოპასუხე მხარეზე (მეორე მხარეზე). სახელმწიფო ბაჟის გადახდა ხდება, შესაბამისი ოდენობის თანხის ჩარიცხვით სპეციალურად მითითებულ საბანკო ანგარიშზე. შესაძლებელია, სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლება, ბაჟის გადახდის განაწილება ან გადავადება. არსებობს გარკვეული კატეგორიის დავები, სადაც მოსარჩელე თავისუფლდება ბაჟის გადახდისაგან. მაგალითად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ეკუთვნის მოსარჩელეს, რომელიც ითხოვს ალიმენტების დაკისრებას ან გადაუხდელი ხელფასის მიღებას. სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში გადაიხდება განსხვავებული ოდენობის სახელმწიფო ბაჟი. ბაჟის ოდენობა, ასევე დამოკიდებულია დავის შინაარსზე და სამართალწარმოების ფორმაზე. სახელმწიფო ბაჟის გამოთვლა შესაძლებელია სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც განთავსებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე.
სახელმწიფო ბაჟის გარდა, სასამართლოში საქმის წარმოებისას ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, მტკიცებულებათა მოპოვებასთან/შენახვასთან დაკავშირებული ხარჯები, ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები და სხვა.
საქართველოს საერთო სასამართლოებში სამართალწარმოება მიმდინარეობს სახელმწიფო ენაზე – ქართულად. პირს, რომელიც არასრულად ან საერთოდ არ ფლობს სახელმწიფო ენას, დაენიშნება თარჯიმანი, რომლის მომსახურება ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაძლებელია იურიდიული დახმარებით სარგებლობა სახელმწიფოს ხარჯზე.
სასამართლოში ყველა საქმე განიხილება ღია სხდომაზე, გარდა კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, მაგალითად, სასამართლო სხდომა იხურება თუ საკითხი ეხება პირად ცხოვრებას ან არასრულწლოვანს. 7-დან 18 წლამდე არასრულწლოვანთა, აგრეთვე შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარებულ მოქალაქეთა უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს სასამართლოში იცავენ მათი მშობლები, მშვილებლები ან მზრუნველები. ამასთანავე, სასამართლო ვალდებულია, ასეთ საქმეებში ჩააბას თვით არასრულწლოვნებიც.
სასამართლოში საქმის წარმოებისას, მხარეებს გააჩნიათ თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები დაასაბუთონ საკუთარი მოთხოვნები, უარყონ ან გააბათილონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდენენ სადავო საკითხზე და საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს უფლება აქვს საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას სარჩელზე. მოპასუხეს შეუძლია სცნოს სარჩელი.
პროცესის მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან სასამართლო სხდომებზე გამოცხადდნენ მითითებულ დროს და ადგილას. სასამართლოს დავალების შესრულებას აქვს სავალდებულო ხასიათი.
სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევის, სხდომის თავმჯდომარის განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობის ან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ადგილზე თათბირით გამოაქვს განკარგულება პროცესის მონაწილის ან/და სხდომაზე დამსწრის დაჯარიმების ან/და სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ. თუ გაძევებული პირი კვლავ განაგრძობს წესრიგის დარღვევას, სასამართლოს მანდატური უზრუნველყოფს მის გაყვანას სასამართლოდან, ამასთანავე, მის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჯარიმა ან პატიმრობა.
კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
თუ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება ნებაყოფლობით, მაშინ მოქალაქის მიმართვის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას უზრუნველყოფს ქალაქის (რაიონის) ტერიტორიაზე მოქმედი სააღსრულებო ბიურო. აღნიშნული მომსახურება ფასიანია და ოდენობა დგინდება განსახორციელებელ მოქმედებათა მიხედვით.
სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ ფარგლებში.
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

You must be logged in to post a comment.