”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

როგორი იქნება კუმურდოს ტაძარი აღდგენის შემდეგ?

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძრის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. როგორი სახე ექნება ეკლესიას მშენებლობის დასრულების შემდეგ – ამასთან დაკავშირებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სპეციალურ კლიპს ავრცელებს.

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობა 2017 წელს  დასრულდება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტაძრის სრული აღდგენისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

კუმურდოს საეპისკოპოსო ტაძარი იმ იშვიათ ქართულ ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც მრავალი წარწერა ამშვენებს, მათ შორის სამშენებლოც. მასში მოხსენიებულია ქტიტორი, ხუროთმოძღვარი და მითითებულია აგების თარიღი – 964 წელი.

ძეგლის გადაუდებელი სარესტავრაციო სამუშაოები 1975 წელს დაიწყო და ინტერვალებით 80-იანი წლების ბოლომდე მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, დღეისათვის მისი მხოლოდ სამხრეთი ნაწილია გადარჩენილი; აღარ არსებობს გუმბათი, დაზიანებულია დასავლეთის მკლავი. ისტორიკოსების ცნობით, ტაძარი მნიშვნელოვანია, როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით.

კუმურდოს ეკლესიის მშენებლობის პერიოდი სამ ეტაპად იყოფა:  მეათე საუკუნის მეორე ნახევარში ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აშენდა, XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ის დროს ტაძარს სტოა მიაშენეს, რითაც ძეგლის თავდაპირველი  სახე გარკვეულწილად შეიცვალა.  საბჭოთა პერიოდში კუმურდოს ეკლესიაში კი ყველის საამქროები განთავსდა. ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ტაძარს იერსახე მნიშვნელოვნად, სწორედ ამ პერიოდში დაეკარგა.

თიკო კურტანიძე

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე