ახალი წლიდან ქალაქის მოსახლეობას კიდევ ერთი კომუნალური გადასახადი დაემატება. ელექტროენერგიის, გაზისა და სასმელი წყლის საფასურთან ერთად ახალციხელებს დასუფთავების მოსაკრებლის გადახდაც მოუწევთ.
ახალციხის მერის განმარტებით, 2017 წელს, ქალაქი საკმაოდ ძვირადღირებული 120 კონტეინერისა და 2 სანაგვე მანქანის შეძენას აპირებს. ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით, ნარჩენის ნაგავსაყრელზე განთავსება ხარჯებთან არის დაკავშირებული.
მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, 270 ურნა 47 სოფელშია განთავსებული. სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას კი 1 სპეც მანქანა და 3 თვითმცლელი ემსახურება. თემის ძირითად სოფლებში, სადაც ნაგვის ურნებია განთავსებული, ნარჩენების გამოტანა კვირაში სამჯერ ხდება. გურამ ნებაძის მტკიცებით, მოსახლეობა გაფრთხილებულია იმის შესახებ, რომ სახიფათო ნარჩენები ურნაში არ უნდა ჩაყარონ. თუმცა საბოლოოდ სად ხდება ასეთი ნარჩენების განთავსება დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
ქალაქისა და თემის დასუფთავების სამსახურის მიერ გამოტანილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები საბოლოოდ ჭაჭარაქის ნაგავსაყრელზე ხვდება. პრობლემა ის არის, რომ ამ დრომდე სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების ერთმანეთისგან გარჩევა არ ხდება, რაც სპეციალისტების აზრით, გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. გამართულად მუშაობს თუ არა ახალციხის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი და რა სიხშირით ხდება ქალაქის ქუჩებიდან თუ სოფლებიდან ნარჩენების გატანა – მეცხრე არხმა მოსახლეობა გამოკითხა.
ახალციხის ნაგავსაყრელის უფროსი ოპერატორი ამბობს, რომ ისეთი ტიპის კომპანიები, რომლებიც შესაძლოა წარმოქმნიდნენ სახიფათო ნარჩენებს დღეისათვის თავად უზრუნველყოფენ მსგავსი ნარჩენის შესაბამის გარემოში განთავსებას. ჯემალ ჟუჟუნაძე ხელშეკრულების გაფორმების ინიციატივით გამოდის, მხოლოდ მას შემდეგ როცა ახალციხეს ევროსტანდარტების გათვალისწინებით მოწყობილი ნაგავსაყრელი ექნება. უფროსი ოპერატორი ყურადღებას შეზღუდულ რესურსზე ამახვილებს.
ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ ნარჩენების მართვის კოდექსზე მუშაობა მომავალი წლიდან უნდა დაიწყოს, ხოლო ნაგავსაყრელების შესაბამისობის გეგმები 2020 წელს მზად უნდა ჰქონდეს. ამ დროისათვის ქვეყანაში 56 მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს, რომელიც ეტაპობრივად დაიხურება. ხელშეკრულების მიხედვით, 2030 წელს საქართველოში ევროსტანდარტებით გათვალისწინებული 9 რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი უნდა მოქმედებდეს.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.