”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს 70 წლის იუბილეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს სიტყვით მიმართავს. უწმინდესი პატრიარქ კირილს 70 წლის იუბილეს ულოცავს. 

patriarqebi

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფასებს რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. უწმინდესი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

“თქვენო უწმინდესობავ, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქო კირილე!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 წლისთავს. ყოველთვის, როცა ასეთ თარიღებს აღვნიშნავთ, ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე განვლილ გზას და ყურადღებით ვიხედებით მომავლისკენ.

მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძენკაცი და მითხრა: უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენე თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან.

მას შემდეგ ვასრულებ ამ რჩევას და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ, დაე, თქვენც შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი!

თითქმის ორმოცწლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ, თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-ახაზეთის ეპარქიისა.

როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები.

ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩევნს შეხვედრაზეც.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.

ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი გონიერება, ფართო დიაპაზონი, ღვთითბოძებული ტალანტი მქადაგებლისა, ყველასთვის დიდად ფასეულია. თქვენს მწყემსმთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში.

თქვენ, ჯერ კიდევ 23 წლის ახალგაზრდამ, თავი მიუძღვენით ღმერთს და მას შემდეგ თქვენი მთელი ცხოვრება ეს არის მსახურება მოყვასისათვის. თქვენი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ახლა თქვენი ჯვარი უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო, თუმცა ამასთან ერთად დიდად საპატიოც.
გეწეოდეთ უფალი თქვენს მაღალ მსახურებაში და როდესაც გადახედავთ თქვენს განვლილ გზას, შეგეძლოთ თქვათ: ტვირთი ღვთისა სუბუქ არს და უღელი მისი ტკბილ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, რათა კვლავაც დაუღალავად იმსახუროთ რუსეთის ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ” – ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ მილოცვის ტექსტში.

20 ნოემბერს რუსეთის ეკლესიამ პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილე აღნიშნა. მოსკოვში მაცხოვრის ტაძარში სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქებისა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით ერთობლივი წირვა შესრულდა, რომელშიც უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილებოდა.

დატოვე კომენტარი:

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

დონორები

top.ge

TOP.GE

მეცხრე არხი