”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სახელმწიფოს შეთავაზება მუსლიმ თემს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ორწლიანი მუშაობა მოხეს სადავო შენობასთან დაკავშირებით დაასრულა. ზაზა ვაშაყმაძის თავმჯდომარეობით შექმნილმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ სადავო შენობა არც მართლმადიდებლებს და არც მუსლიმებს არ გადაეცემათ.

,,მოსახლეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.. კომისიის შეთავაზებას მუსლიმი და მართლმადიდებელი სასულიერო ლიდერები ეთანხმებიან”–განმარტა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ. კომისიის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას მრევლთან ერთად 4 ნოემბერს, განიხილავენ მუსლიმი სასულიერო ლიდერები. სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ ადგილობრივი მუსლიმი თემის დარწმუნება მარტივი არ იქნება, თუმცა განმარტავს, რომ მშვიდობა უმთავრესია.

,,ეს იქნება მომავალში გადაწყვეტილი ისე, რომ უკმაყოფილო არავინ იქნება”– ეს კი გახლდათ დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაქშიძე.

შეთავაზება მისაღები აღმოჩნდა მართლმადიდებელი თემისთვის. ეპარქიის მღვდელმთავარი მიტროპოლიტი თეოდორე განმარტავს, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მზად არის მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

სადავო შენობაზე პასუხისმგებლობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ აიღო – განაცხადა სააგენტოს გენეტალურმა დირექტორმა. ნიკოლოზ ანთიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შენობის რომელიმე კონფესიაზე გადაცემის საკითხი არ განიხილება. მისი უწყება მოხეში სადავო შენობას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შეისწავლის და მის დაცვაზე იზრუნებს.

სამუშაო შეხვედრა სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში შედგა. მასში მონაწილეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მუსლიმი და მართლმადიდებელი სასულიერო პირები იღებდნენ. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან მოხის მაცხოვრებლები, თუმცა შეთავაზებული ვარიანტებიდან, ალტერნატიულ ფართზე ახალი მეჩეთის აშენება ურჩევნიათ.

დღესვე დაანონსდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული მოხეს კომისიის შემდეგი სხდომის თარიღი. სადავო შენობის შესახებ სასაუბროდ, კომისიის წევრები ერთი თვის შემდეგ, პირველ დეკემბერს ისევ ახალციხეში შეიკრიბებიან.

დონორები

top.ge

TOP.GE