ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, პროპორციული სისტემით, #44–ე ახალციხის მაჟრიტარულ ოლქში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ამომრჩეეველთა ხმების 40.93% მიიღო, ხოლო “ქართულმა ოცნებამ” – 46.67%. რაც შეეხება მაჟორიტარულ სისტემას, ვაჟა ჩიტაშვილს ამომრჩეველთა ხმების 44.92%, ხოლო გიორგი კოპაძეს 35.88% ერგო. იქიდან გამომდინარე, რომ 50%–ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა, დაინიშნება მეორე ტური.
პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურის გამართვის ბოლო ვადა, საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2 ნოემბერია. ცესკოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის მიღება მეორე ტურის კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა მოუწევს – ამ შემთხვევაში შემაჯამებელი ოქმის მიღების უკიდურესი ვადა 21 ნოემბერია.
მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. ახალციხე–ადიგენის გაერთიანებულ ოლქში, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატები მიიღებენ.
მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. თუკი კანდიდატებს ხმათა ერთნაირი რაოდენობა ექნებათ, არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა მეტი რაოდენობა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, კვლავ ხელახალი არჩევნები იმართება.
მეორე ტური გაიმართება ახალციხის მერობის ორ კანდიდატს შორისაც. ამომრჩეველთა ხმების 50%–ზე მეტი ვერც ირაკლი ერეკლიშვილმა და ვლადიმერ ზედგინიძემ მოიპოვეს.
თიკო კურტანიძე
You must be logged in to post a comment.