”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

საფრანგეთში მცხოვრები ქართველები „ფესვებს“ ახალციხეში ეძებენ

საფრანგეთში მცხოვრები ქართველები „ფესვებს“ ახალციხეში ეძებენ. 85 წლის ჟაკ პაპზოვი შვილთან ერთად ქალაქს იმ იმედით ესტუმრა, რომ მისი გვარის წარმომავლობას გაარკვევს და ადგილობრივ ნათესავებს გაიცნობს.

ამ დროისათვის, მხოლოდ იმის დადგენა მოხერხდა, რომ მისი წინაპრები ქართველი კათოლიკეები იყვნენ. ჟაკის დედა ვერა მერაბოვი, სავარაუდოდ მერაბიშვილი იყო, ხოლო მამა ჟორჟი, იგივე გიორგი პაპაზოვი – პაპაზაშვილი. ჯაკმა, მშობლიური ენა არ იცის, ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მას ქართულად აღარ უსაუბრია, თუმცა საქართველოში ყოფნისას ჟღერადობით, სხვადასხვა სიტყვას ყოველდღიურად იხსენებს.

„ჩამოვედი იმისთვის, რომ მოვიძიო წინაპრების კვალი ამ რეგიონში. ჩემი მშობლები, დედასთან და მამასთან ერთად, საცხოვრებლად საქართველოდან ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ გემით საფრანგეთში, კერძოდ კი მარსელში გადავიდნენ. ჩემი  და ჟენია გემზე გაჩნდა, მე კი საფრანგეთში. მამაჩემი 1887 წელს ამ კუთხეში დაიბადა. არ ვიცით, კონკრეტულად სად, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ მესხეთიდან ვართ“

1921 წელს, როდესაც ნოე ჟორდანიას მთავრობამ საქართველო დატოვა, ქვეყნიდან წავიდნენ ჟაკის მშობლებიც. გიორგი პაპაზოვმა ვერა მერაბოვი ემიგრაციაში გაიცნო. მათი ჯვრისწერა სტამბულის ქართველთა სავანეში მოხდა.

„მამასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მოძებნოს თავისი  ფესვები საქართველოში. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი დოკუმენტი, რომელიც არის სტამბულის ქართველთა სავანიდან, სადაც ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ჯვარი დაიწერეს. დანარჩენი დოკუმენტები მეორე მსოფლიო ომის დროს დაიკარგა, შესაბამისად მამამ დაკარგა ყველა ძაფი, რომელიც წინაპრებთან აკავშირებდა. 12 წლის იყო მამაჩემი, როდესაც გერმანელებმა საფრანგეთი დაიპყრეს. ამავე პერიოდში  ბაბუა მოკლეს“

წინაპრებისა და ნათესაური კავშირის მოძიებაში ჟაკ და ჟორჟ პაპაზოვებს სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის თანამშრომლები ეხმარებიან. შესაბამის წყაროებში ისინი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოკვლევას ცდილობენ.

1945 წელს საფრანგეთიდან საქარტველოში ჟაკის დეიდის ქმარი ვანო სალაგოვი ორ შვილთან ერთად ჩამოვიდა. ამ დროისათვის პაპაზოვებმა ვერც მათ კვალს მიაგნეს. ჟაკი და ჟორჟი საქართველოს 12 სექტემბერს დატოვებენ, თუმცა ამბობენ, რომ ნათესავების მოსაძებნად და წარმომავლობის დასადგენად აუცილებლად დაბრუნდებიან.

ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე