”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

83 წლის მეფუტკრე და თაფლის დაწურვის ტექნოლოგიები

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ფიაში მცხოვრებ კაველიძეების ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა საუკუნეზე  მეტს ითვლის. დღეისათვის 60 ძირ ფუტკარს 83 წლის პარმენ კაველიძე უვლის.

კაველიძეების ოჯახში ფუტკრის მოვლის კულტურა საუკუნეზე  მეტს ითვლის. პარმენ კაველიძის პაპისთვის მეუღლის ოჯახს ორი ძირი სკა  უჩუქებია. მას შემდეგ სოფელ ფიაში მეფუტკრეობა ტრადიციულ მეურნეობად იქცა. დღეისათვის 60 ძირ ფუტკარს 83 წლის პარმენ კაველიძე შვილთან და შვილიშვილებთან ერთად უვლის. მას შემდეგ რაც ფიჭიან ჩარჩოებს სპეციალურ ყუთში მოათავსებს, საქმიანობა უკვე თაფლის დასაწურ ოთახში გრძელდება.

თავდაპირველად დალუქული ფიჭის ათლა ხდება. ანათალი, ისევე როგორც ფუტკრის ყველა სხვა პროდუქტი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.

ორივე  მხრიდან ათლილი ჩარჩოები თაფლის საწურ აპარატში თავსდება, რის შემდეგაც საწურს ხელით ატრიალებენ. წნევის ძალით, ტკბილი, ბლანტი სითხე ფიჭიდან იღვრება. რამდენიმე წუთიც და აპარატიდან დაწურული თაფლი ჭურჭელში გადმოდის.  ამ პროცესს პაპასთან ერთად ძირითადად  შუშანა კაველიძე უძღვება.

ყოველწლიურად  კაველიძეების ოჯახში  ტონაზე მეტი თაფლი იწურება და გასაყიდად მზადდება. პარმენ კაველიძე ამბობს, რომ სარეალიზაციო ბაზრები საქართველოში არ არსებობს. შედეგად მეფუტკრეები, პროდუქტის გასაღების გზებს საკუთარი ძალებით ეძებენ.  1 კილოგრამი თაფლის გასაყიდი ფასი 13–დან – 15 ლარამდე მერყეობს.

ფუტკრის ერთი ოჯახი საშაულოდ 20–დან 30– კილოგრამამდე თაფლს იძლევა. კაველიძეები ამ ეტაპზე მხოლოდ ამ პროდუქტს აწარმოებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბევრად მარტივი და მომგებიანია.

დაწურვის პროცესის დასრულების შემდეგ, ფიჭიანი ჩარჩოები ისევ სკაში ბრუნდება. ფუტკრები თავდაუზოგავად იშრომებენ და მომავალ აგვისტომდე სკას ისევ თაფლით გაავსებენ.

ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე, რამაზ ალავიძე.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე