ჩვენი რესპოდენტი ანა, ოჯახის შექმნაზე რჩევას, ახალგაზრდებს, მისი წარსულის გათვალისწინებით აძლევს. ახლა 19 წლის არის, ჰყავს ორი შვილი და როგორც თავად ამბობს, აქვს მძიმე წარსული.
ანა ადრეული ქორწინების ერთადერთ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, მამისა და დედინაცვლისგან ცემა და არაადამიანური მოპყრობა ვეღარ აიტანა და იმ იმედით, რომ ქმართან თავს უკეთ იგრძნობდა, 16 წლის ბიჭს გაჰყვა ცოლად. არასრულწლოვნების დაქორწინებაში ხელი არავის შეუშლია. ცხრა კლასი ორსულმა დაამთავრა. 15 წლის ასაკში პირველი შვილი ეყოლა და ოცნება, გაეგრძელებინა სწავლა, განუხორციელებელი დარჩა.
მძიმე ფიზიკური შრომისა და არაადამიანური მოპყრობის ატანა, ქმრის ოჯახშიც მოუწია. ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს გაშორდა და მამის სახლში დაბრუნდა. ანამ მომავალზე ფიქრი დაიწყო. აპირებს, რომ სწავლა გააგრძელოს და შვილებს ცხოვრების ნორმალური პირობები დამოუკიდებლად შეუქმნას.
20 წლამდე გოგომ კარიერაზე უნდა იზრუნოს და მისი მომავალი დაგეგმოს – ამბობს ლელა მოძმანაშვილი, რომელიც არასრულწლოვანი გათხოვდა. მისი ოჯახი 25–წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაინგრა. ამის ერთ–ერთ მიზეზად იმას ასახელებს, რომ 17 წლის ასაკში, თითქმის უცნობი მამკაცის ცოლი გახდა.
ირმა თათეშვილი 17 წლის იყო, როცა მომავალმა ქმარმა მოიტაცა. მისი ისტორია ადრეული ქორწინების წარმატებული მაგალითია. მეუღლე, ორი შვილი და შვილიშვილი ჰყავს. ამბობს, რომ მისი შემთხვევა გამონაკლისია. ადრეულ ქორწინებას სწავლასა და მუშაობაში ხელი არ შეუშლია.
საქართველოში მცხოვრები ქალების 17% არასრულწლოვანია დაქორწინებული. გაეროს მოსახლეობის ფონდის 2014 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ადრეული ქორწინების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, მეორე ადგილზეა.