გარევაჭრობა ახალციხეში შემცირებულია, თუმცა გაჭირვებული მოსახლეობა მოწეულ პროდუქტს ქუჩაში მაინც ყიდის.
ხილის, ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების დახლებს, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებზე შეხვდებით. გლეხს, რომელსაც მოწეული მოსავალი სოფლიდან აქვს ჩამოტანილი, პროდუქტს სახელდახელოდ, ტროტუარზევე ყიდის. მოვაჭრეები, რომლებიც ქუჩაში სისტემატურად ვაჭრობენ ამბობენ, რომ მათი ზოგიერთი პროდუქტი მოწმდება და არავის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ქუჩაში ვაჭრობა ახალციხეში, ძირითადად ე.წ. ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა. გარემოვაჭრეების გასაყიდი პროდუქტი მცირეა და არც დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა ამბობენ, რომ მომხმარებლები მაინც ჰყავთ. ქუჩაში ნაყიდ პროდუქციაზე ახალციხელთა აზრი სხვადასხვაგვარია.
გარევაჭრობის საკითხის გადაჭრა, შსს–სა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოვალეობაა. ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ გარემოვაჭრეებს ყოველდღიურად აფრთხილებენ, თუმცა ურჩი კანონდამრღვევებისთვის, უკიდურესი ზომების მიღებას აპირებენ. ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან.
ქალაქ ახალციხის მერიაში ზედამხედველობის სამსახური, დაახლოებით ათი თვის წინ ჩამოყალიბდა. ამიტომ, გარევაჭრობის საკითხზე მუშაობა მათ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. სამსახურში განმარტავენ, რომ გარემოვაჭრეთა ნაწილისთვის ფართი გამოინახა და მათ ქუჩიდან შენობაში გადაინაცვლეს. ნაირა სამსონიძე ამბობს, რომ თვითმმართველობა გარემოვაჭრეების დაჯარიმებისგან, მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით თავს იკავებს.