ადრეული ქორწინება გულისხმობს ოფიციალურ ან არაოფიციალურ კავშირს 2 ადამიანს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთს ჯერ არ მიუღწევია სრულწლოვანების ასაკის – 18 წლისთვის.
ადრეულ ქორწინებას, ასევე უწოდებენ „იძულებით“ ქორწინებას, ვინაიდან ბავშვებს, მათი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ გამოხატონ თავისუფალი და გააზრებული თანხმობა ქორწინების თაობაზე. გოგონების უმეტესობა, ვერ აცნობიერებს, რა არის ქორწინება და ოჯახური ცხოვრება.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის თანახმად, ქორწინება დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვან მხარეებს შორის მათი თავისუფალი ნების საფუძველზე. დაქორწინებისას და ქორწინების პერიოდში, ასევე განქორწინებისას, მხარეები უნდა სარგებლობდნენ აბსოლუტურად თანაბარი უფლებებით.
ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები
ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზებიდან უნდა გამოვყოთ 2 ძირითადი მიზეზი: ადრეული ქორწინება პირადი სურვილით და იძულებით.
საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, პირადი სურვილით ადრეული ქორწინების გამომწვევ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ საზოგადოებაში დამკვიდრებული მანკიერი სტერეოტიპები და ტრადიციები. გარდატეხის ასაკში მოზარდებს უჩნდებათ სურვილი შეხვდნენ და იურთიერთონ მათთვის სასურველ ადამიანებთან, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს მეზობლების და ზოგადად საზოგადოების თვალში „არასწორ“ საქციელად აღიქმება. აღნიშნულს თან სდევს ჭორაობა და მითქმა-მოთქმა, რაც გოგონებს „ცუდ რეპუტაციას“ სძენს და შემდგომში მათი გათხოვებაც პრობლემატური ხდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრადიციებისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით, გოგონები ცდილობენ აიცილონ სოციალური სტიგმა, საკუთარ ურთიერთობებს ლეგიტიმური ხასიათი შესძინონ და სექსუალური კავშირის სურვილი ქორწინებით დაიკმაყოფილონ.
როდესაც ადრეულ ასაკში ქორწინება ხდება იძულებით, ამ დროს ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ არა უშუალოდ მოზარდები, არამედ მათი მშობლები, რაც ძირითადად განპირობებულია ოჯახების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილით. მშობლები, მათი მატერიალური სიდუხჭირიდან და გაჭირვებიდან გამომდინარე, ცდილობენ მოძებნონ შედარებით შეძლებული ოჯახები და ბავშვის ნების აბსოლუტური უგულებელყოფით, გაათხოვონ ის მათთვის სასურველ სასიძოზე. სამწუხაროდ, არასრულწლოვნების აზრის გათვალისწინება არ ხდება და ისინი იძულებულნი არიან დამორჩილდნენ მშობლების ნებას. არის შემთხვევები, როდესაც წყვილი ერთმანეთს პირველად სწორედ საკუთარ ქორწილში ნახულობს. ქორწინების ასეთი მანკიერი ტრადიცია, უმეტესად ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ დასახლებებში გვხვდება. მშობლები მიიჩნევენ, რომ გათხოვებით საკუთარ გოგონებს, როგორც თავად ხშირად უწოდებენ, „პატრონს ჩააბარებენ“.
გოგონების მოტაცება ოჯახის შექმნის მიზნით საქართველოში საკმაოდ გავრცელებულ ტრადიციას წარმოადგენს, თუმცა ბოლოდროინდელი ტენდენციებიდან გამომდინარე, მოტაცებების რაოდენობა შემცირდა. დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, მოტაცებულ გოგონას არავინ მოიყვანს ცოლად, ამიტომ მოტაცებული გოგონების უმრავლესობა საზოგადოებისა და ოჯახის ზეწოლით, იძულებულია ცოლად გაჰყვეს გამტაცებელს.
ადრეული ქორწინების შედეგები
ადრეულ ასაკში დაოჯახებას თან სდევს მრავალი პრობლემა:
კანონმდებლობა
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ქორწინებისთვის აუცილებელიასაქორწინო ასაკი 18 წელი და დასაქორწინებელი პირების თანხმობა.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სქესობრივ კავშირს 16 წლამდე ასაკის პირებთან, თუნდაც ამ კავშირს ნებაყოფლობითი ხასიათი ჰქონდეს და სანქციის სახით აწესებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 9 წლამდე.
ასევე დანაშაულს წარმოადგენსგოგონას მოტაცებაოჯახის შექმნის მიზნით. აღნიშნული ქმედებაგანხორციელებული არასრულწლოვნის მიმართ თვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.
აკრძალულია ქორწინების (მათ შორის არარეგისტრირებულის) იძულება.აღნიშნული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.
ადრეული ქორწინების პრევენცია
მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეულმა წევრმა საფუძვლიანად და სრულყოფილად გააანალიზოს, თუ რაოდენ რისკის შემცველია ადრეული ქორწინება არამარტო კონკრეტული მოზარდებისთვის, არამედ სრულიად საზოგადოებისთვის. თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს საკუთარი როლი ადრეული ქორწინების პრევენციის საქმეში, რომ მასთან ბრძოლა ყოველი მათგანის ვალდებულებაა. ადრეული ქორწინებების აღმოფხვრით შესაძლებელი გახდება სიღარიბის დაძლევა, რაც გოგონებს მისცემს საშუალებას უფრო გააქტიურდნენ და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ძლიერ და განათლებულ გოგონებს შეეძლებათ უკეთ იზრუნონ საკუთარ ბავშვებზე, რაც ხელს შეუწყობს უფრო ჯანმრთელი ოჯახების შექმნას.
სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ პროექტის „ქალთა, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფს მიკუთვნებულ ქალთა გაძლიერება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა“ფარგლებში.
სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია კონსტიტუციის 42-ე მუხლი. ის შესაძლოა არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

You must be logged in to post a comment.