სამოქალაქო განათლების პროგრამამ „მომავლის თაობა“ ახალქალაქში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. შეხვედრა ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ გახსნა, რომელმაც სამცხე-ჯავახეთის პარტნიორ საჯარო სკოლებში, ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე სამცხე-ჯავახეთის პარტნიორმა სკოლებმა წლის საუკეთესო ინიციატივების პრეზენტაციები წარმოადგინეს. მათი პრეზენტაციები შეეხებოდა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს თემში არსებული ეკოლოგიური პრობლემები ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით. ასევე, შეეხნენ ძველი ხელნაკეთი ნივთების თემას და განიხილეს საუკეთესო საკლუბო ღონისძიებები.
გარდა ამისა, მოეწყო მცირე საგრანტო პროექტების პრეზენტაციაც, რომელთა მიზანიც საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების პოპულარიზაცია და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაა.
შეხვედრაზე განიხილეს სამოქალაქო ინიციატივაც, რომელიც გარემოს დაცვის პოპულარიზაციას ეხებოდა.
ღონისძიების ბოლოს, სამოქალაქო პროგრამაში ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობაზე, სამცხე-ჯავახეთში მოქმედი არასმთავრობო ორგანიზაციებისა და თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ისაუბრეს.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში, სამოქალაქო განათლების პროგრამის ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგებისა და სკოლების დაჯილდოვება მოხდა. ასევე, დაჯილდოვდა „სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისათვის“ ფარგლებში გამარჯვებული.
ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მაკა სუდაძემ დახურა, რომელმაც მოტივაციის ამაღლების მიზნით, აქტიური, წარმატებული ღონისძიებების განხორციელებისათვის პარტნიორ სკოლებს საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცა.
ღონისძიებას 14 პარტნიორი სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგები და მოსწავლეები, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სალომე ყულჯანიშვილი, სკოლის დირექტორები, მოსწავლეთა მშობლები, საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ.
You must be logged in to post a comment.