ახალციხეში თამარშვილის ქუჩაზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები ისევ მუშაოებენ. მაშველები მიმდებარე ტერიტორიას, რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსზე გადახდილი სახურავის ნარჩენებისგან წმენდენ. ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია, თამარაშვილის ქუჩის 500–მდე აბონენტს. „ენერგო პრო–ჯორჯიაში განმარტავენ, რომ სახურავი ელექტრობოძებს დაეცა. დაზიანებულია ელექტრო–გადამცემი ხაზები. სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც მაშველები ტერიტორიას გაწმენდენ.
შემთხვევა 23 მაისს, დახლოებით 20:00 საათზე მოხდა. ძლიერმა ქარმა თამარაშვილის ქუჩაზე რვასართულიან საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ნაწილობრივ გადახადა და ეზოში მდგარ ავტომობილებს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და რეგიონის პირველი პირები. ქალაქის მერის განმარტებით, ზარალი აღირიცხება და დაზარალებულ მოსახლეობას შესაბამისი დახმარება გაეწევა.
ახალციხეში სახურავის გადახდის ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა. პირველად ძლიერმა ქარმა ასპინძის ქუჩის 28 ნომერში მდებარე კორპუსს სახურავი 2013 წლის 23 აპრილს გადახადა. მეორედ 2014 წლის 1 მაისს ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა კოსტავას ქუჩაზეც. მესამედ კი ძლიერმა ქარმა რუსთაველის 102 ნომერში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი 2014 წლის 6 ივლისს დააზიანა. აღნიშნული კორპუსები ისევე როგორც დანარჩენი 150 შენობა–ნაგებობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პრეზიდენტის ფონდიდან 2012 წელს ახალციხეში დაფიქსირებული ძლიერი სეტყვის შემდეგ გადაიხურა.