გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მდინარის მიერ ჩამოტანილ საშეშე მერქანის მოპოვებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მდინარის კალაპოტში არსებული 12 სმ-მდე დიამეტრის რესურსი, რომელიც საშეშემერქნად უნდა იქნას გამოყენებული, ნებისმიერ მოქალაქეს გადასახადების გარეშე შეუძლია მოიპოვოს. მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებაც ბოლო ათწლეულებია ქაოტურად მიმდინარეობს
„საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენთან სამინისტროში მომზადდა, ან ვერ ან არ გაიგეს ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა,კვლევის მიხედვით, 3,5 მილიონი კუბური მეტრის საშეშე მერქანია საჭირო მოსახლეობის უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად გამოიყოფა 600 კუბური მეტრი, რომელიც წინა წლების ნაშთებთან ერთად უნდა იქნეს ათვისებული. ჩვენ ეროვნულ სიმდიდრეს, ტყეს შეუძლია, დაახლოებით 200 000 კუბური მერქნული რესურსი მოგვცეს, რომ ის არ განადგურდეს, ანუ მოთხოვნა არის გაცილებით მაღალი, ხოლო მიწოდების შესაძლებლობა არის მცირე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რათა მოქალაქეებს არ ჰქონდეთ პრობლემა საშეშე მერქნის უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი რესურსი არის ქარტეხილის, ან წყალდიდობის ან რაიმე ბუნებრივი მოვლენის დროს მდინარის მიერ ჩამოტანილი საშეშე მერქანი, რომელიც ხმება და ლპება იქ, იმის გამო, რომ არ არსებობს რეგულაცია და იმის გამო, რომ საშეშე მერქნის გადაადგილებას და ტრანსპორტირებას სჭირდება სათანადო დოკუმენტები, ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მოისურვებსმდინარის კალაპოტიდან მოიპოვოს საშეშე მერქანი, შეიძლება დაჯარიმებულიყო.
ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პროცედურის გამარტივებას, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაჩენას ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ მდინარის კალაპოტში არსებული 12 სმ-მდე დიამეტრის რესურსი, რომელიც საშეშე მერქნად უნდა იქნას გამოყენებული, გადასახადების გარეშე მოიპოვოს. ამ შემთხვევაში ის არ გადაიხდის მოსაკრებელს. იმისთვის, რომ ბრაკონიერების ხელში არ გაჩნდეს ახალი ინსტრუმენტი, 12 სმ-ზე ზემოთ დიამეტრის მქონე ხე-ტყეზე მოქალაქემ უნდა შეატყობინოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს ცხელ ხაზზე და შეტყობინების შემდეგ ეროვნული სატყეო სააგენტო შესაბამის ფირნიშს მიანიჭებს, ამ რესურსს. ამ რესურსს სატყეო სააგენტო მოიპოვებს თავისი რესურსით, ხოლო ფირნიშის მინიჭება ერთ კუბურ მეტრზე ეღირება 3 ლარი. ამის შემდეგ სატყეო სააგენტო გამოიტანს და აღწერს რესურსს და შემდეგ ეს დაურიგდება სოციალურად დაუცველებს“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მისივე თქმით, ინიცირებული ცვლილება არ ითვალისწინებს მდინარის კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას. მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით არ ხდება მდინარეების კალაპოტებში არსებული სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის აღრიცხვა, არ არსებობს მისი კანონიერად გაცემის წესი, ამგვარი რესურსის ტრანსპორტირება დასჯადია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
„საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებას, მდინარეების კალაპოტების გასუფთავებას, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას, ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა აგულაშვილმა.
You must be logged in to post a comment.