ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობა, ერთ–ერთი საკითხის განხილვას მოჰყვა. ახალციხის მერიამ საკრებულოს, მოქალაქე ელგუჯა მაზმიშვილის, სასამართლო საქმის მორიგებაზე, შეთანხმებით მიმართა. სხდომას დაზარალებულის ადვოკატი დაესწრო. ნუგზარ სამარჯიშვილმა აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლება მაშინ დაირღვა, როცა მაზმიშვილის საკუთრება – 19 კვ.მ. მიწის ფართობი, რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის მშენებლობის დროს, მეპატრონესთან შეთანხმების და ნებართვის გარეშე, შსს–ს ბალანსზე გადავიდა.
ქალაქის მერი და უმრავლესობის დეპუტატები ფიქრობენ, რომ დაზარალებულს ალტერნატიული მიწის ნაკვეთი, ქალაქის გარეუბანში შესთავაზონ. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ შენობა შსს–ს ბალანსზეა და მაზმიშვილს კომპენსაცია ძალოვანმა უწყებამ უნდა გადაუხადოს.
დეპუტატებმა სხდომაზე, ექვსი საკითხი განიხილეს. ერთ–ერთი მათგანი, 2016 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებას ეხებოდა. საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს შენიშვნები, ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან აქვთ. მათი თქმით, ამ მუხლის 51%–იანი შესრულება, არასახარბიელოა. ამაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს უმრავლესობიდან უპასუხეს და მიზეზად, ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელეს.
დეპუტატებმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მიერ, 2015–16 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიში განიხილეს. თვითმმართველობის წარმომადგენლების თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით, სოციალური პაკეტით გაცილებით მეტმა ადგილობრივმა ისარგებლა.