”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მტკვრის დონის შესაძლო მატების გამო, თეიმურაზ მურღულია ასპინძაში ჩავა

 

murguliaგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ასპინძაში ჩავა. თეიმურაზ მურღულია მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს ამაღამვე შეხვდება და მდინარე მტკვრის დონის შესაძლო მომატების საკითხს განიხილავს. იგი აცხადებს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს. მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, მისი ჩამოსვლის მიზანი, მხოლოდ, შეშფოთებული მოსახლეობის დამშვიდებაა.

“ერთადერთი მიზეზი, რატომაც მოვდივარ, არის ის, რომ ძალიან ბევრი ზარი შედის 112–ზე. ადამიანები არიან შეშფოთებულები. მე მოვდივარ და დავარწმუნებ, ყველას, რომ ჩვენ გვაქვს კონტროლის სრული ფორმატი გამოცხადებული. არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს, მაგრამ ჯობია, რომ მე ვიყო მანდ და ადამიანებმა მშვიდად დაიძინონ, ვიდრე მე დავიძინო მშვიდად. ეს არის ჩემი ამოცანა” – აცხადებს თეიმურაზ მურღულია.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ოფიციალური ინფორმაციით, საუბარია უხვი წყლის გატარებაზე.

რაც შეეხება ადგილობრივების ვარაუდებს, რომ წყლის დონე თურქეთში კაშხლის დაზიანების გამო იმატებს, მურღულია აცხადებს, რომ მეზობელი ქვეყნიდან მსგავსი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

“ჩვენ გვაქვს თურქეთთან შეთანხმება, რომ ყოველთვის მოგვაწოდონ ინფორმაცია. მათ აქვთ ვალდებულება, რომ გვაცნობონ საგანგაშო სიგნალი, როდესაც ასეთი რამ არსებობს. რადგან ასეთი სიგნალი არ შემოსულა და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს არის წყალუხვობის გატარება, მე ამ წუთას არ მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. ჩვენ პარალელურად შევეცდებით, გამოვავლინოთ, თუ არის რაიმე საგანგაშო, რომელზეც ვერ ვიღებთ ინფორმაციას, მაგრამ ყოველ შემთხვაში დღეს რაც ვიცით, შეესაბამება იმ სურათს, რასაც ვხედავთ. თუ იქნება რაიმე ანომალია, გარწმუნებთ, რომ მივიღებთ დამატებით ზომებს. მე პირადად მანდ ვიქნები და ჩავუდგები სათავეში ნებისმიერ ღონისძიებას, რომელიც გახდება საჭირო” – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თეიმურაზ მურღულია ასპინძის მუნიციპალიტეტში ღამის ორი საათისთვის ჩავა.

მტკვრის დონის მოსალოდნელი მატების გამო, მირაშხანი–ვარძიის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და გამგეობის პირველი პირები.  გამგებლის პირველი მოადგილე ირწმუნება, რომ საგანგაშო არაფერია და წყლის დონის სავარაუდო მატებას მზადყოფნაში ხვდებიან.

“გარემოს დაცვის სამინისტრომ გადმოგვცა ინფორმაცია და ჩვენც მივიღეთ შესაბამისი ზომები. მოსახლეობა გავაფრთხილეთ.  სამინისტროდან ყოველთვის მოგვდის ინფორმაცია, რომ შეიძლება ნალექიანი ამინდის გამო, მდინარე ადიდდეს. ეს ჩვეულებრივი ამბავია” – აცხადებს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მდინარის დონის უეცარი მატების გამო, დღეს, 16 აპრილს ასპინძაში, მესხური ტერასების მოპირდაპირე მხარეს, მტკვრის შუაგულში, ხმელეთზე შესული მწყემსი ნაპირზე ვეღარ გამოვიდა. მას მდინარის გადმოლახვაში მაშველები დაეხმარნენ.

თიკო კურტანიძე

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე