
ნიკოლოზ ვაჩეიშვილის ფოტო
ვარძიაში კრიტიკულ მონაკვეთებზე მდგომარეობა დასტაბილურდა – ამის შესახებ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, მოძრავი ქანების გამაგრების მეთოდი გასულ წელს შემუშავდა, რომლის მიხედვითაც ერთ–ერთ უბანზე მონაკვეთები გამაგრდა. დღეისათვის გეორადარი აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას აღარ აფიქსირებს.
“აი ეგეთი შედეგები გვაქვს ილიას სახელობის უნივერსიტეტის ჩვენს ცენტრში ვარძიის მონიტორინგის პროცესში. გეორადარზე ნათლად გამოჩნდა კრიტიკული ადგილები. წითლად “ყვირის” მოძრავი ქანები. მერე დადგინდა გამაგრების მეთოდი და შარშან დაიბურღა შესაბამისი მეთოდით. სურათზე დასტაბილურება ჩანს. მოსალოცი ამბავია. ე/ი. სწორ გზაზე ვდგავართ და მკურნალობის მეთოდი ზუსტია.
სურათებზე : არასტაბილური მონაკვეთი და მისი “დამშვიდებული” გამოსახულება, გეორადარით “დაჭერილი”. გეორადარი კი მილიმეტრსაც კი იჭერს:))
ასე უნდა გაგრძელდეს წლების მანძილზე ვარძიაში – სამკურნალო მონაკვეთები ბევრია” – აღნიშნავს, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვარძიის გადარჩენისა და განვითარების პროგრამა ერთ-ერთი მასშტაბური და მრავალკომპონენტიანი პროექტია, რომელიც კლდისა და კედლის მხატვრობის სტრუქტურის კვლევისა და კონსერვაციის გარდა, ძეგლის არქეოლოგიურ კვლევასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს.
ვარძია არის საერთაშორისო პროექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. პროგრამას კლდის კვლევის, გამაგრებისა და კონსერვაციის მიმართულებით კლაუდიო მარგოტინი ხელმძღვანელობს, კედლის მხატვრობის კვლევისა და კონსერვაციის მიმართულებით დევიდა პარკი, არქეოლოგი შოთა ირემაშვილი, ილიას უნივერსიტეტი და კომპანია „არქიტექსი“ მუშაობენ.
ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი 1939 წელს შეიქმნა, იმ დროიდან კომპლექსის კვლევას სხვადასხვა პერიოდში, კოტე მელითაური და გივი გაფრინდაშვილი ახორციელებდენენ.
ვარძიის გადარჩენის პროექტი კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
You must be logged in to post a comment.