ახალციხეში, 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, ქვეითად მოსიარულეს, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ახალგაზრდა მამაკაცი, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კლინიკა ,,იმედში“ გადაიყვანა. დაშავებული, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას, უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და სხეულის მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა. მას შესაბამისი კვლევები ჩაუტარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. მამაკაცი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში, ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
BMW-ს მძღოლი, სამართალდამცველებს, შემთხვევის ადგილზე დახვდა. დაზიანებულია ავტომობილის საქარე მინა.
პოლიციელებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ–კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის 1–ლი ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე.