ახალციხეში 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა ამ დღეს გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მემორიალთან გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. რიტუალი ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა ნიკოლოზმა შეასრულა.
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ, სიცოცხლის გაგრძელების სიმბოლოდ, ქალაქისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა, ხეები დარგეს. ახალციხის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე 9 აპრილს გარდაცვლილთა სახელზე 5 ვერცხლისფერი ნაძვი გაიხარებს.