”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ყარაბაღში მიმდინარე მოვლენები – შეფასებები ახალციხიდან

მთიან ყარაბაღში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, მთიანი ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის უწყება ავრცელებს.  კონფლიქტური სიტუაცია 2 აპრილს დაიწყო და ბოლო სამი დღის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ორივე მხარის მიერ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ, თუმცა დაპირისპირებულ მხარეთა  ცნობა ერთმანეთისგან განსხვავებულია. მთიან ყარაბაღში განვითარებული პროცესებით  შეშფოთებას გამოთქვამენ ახალციხელები, თუმცა საქართველოსგან სრულ ნეიტრალიტეტს მოელიან.

მოსახლეობისგან განსხვავებით, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ომის გამომწვევ  მიზეზებზე ამახვილებენ ყურადღებას. ასოციაცია ,,ტოლერანტში“ ფიქრობენ, რომ ყარაბაღში ომის დაწყების წინაპირობები არ არსებობდა.  ორგანიზაციის ხელმძღვანელ ცირა მესხიშვილს დაინტერესებულ მხარეთა შორის შეიარაღებული კონფლიქტის  დაწყების მიზეზებზე საუბარი უჭირს, თუმცა ყარაბაღში მიმდინარე პროცესების მაპროვოცირებელ ძალად საქართველოს ჩრდილოელ მეზობელს მიიჩნევს.

მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ძალიან რთულს უწოდებენ დემოკრატ მესხთა კავშირში. იმისათვის, რომ ქვეყანა კიდევ უფრო არ დაზარალდეს და კონფლიქტი დროულად ამოიწუროს დაპირისპირებულმა მხარეებმა დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ.  ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა აღნიშნულმა შემთხვევამ საფრთხის წინაშე  მთლიანად კავკასიის რეგიონი დააყენოს. გია ანდღულაძის თქმით, კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორები ჰყავს, ხოლო მათთან დასაკავშირებელი ერთადერთი გზა საქართველოზე გადის.საქართველოს კი ყარაბაღის კონფლიქტში გეოგრაფიულად სტრატეგიული ადგილი უჭირავს.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს მიერ ერთი რომელიმე მხარისკენ გადადგმული ნაბიჯი, მეორეს განაწყენებას გამოიწვევს, რაც დაუშვებელია.  უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა ჩაერთოს, სანამ დაპირისპირებაში გარეშე ძალებიც ჩაერევიან.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 08/04/2016 by in საზოგადოება and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე