რატომ არის გასულ წელს დაგეგმილი სამუშაოები 50 ან უფრო ნაკლები პროცენტით შესრულებული – ამ საკითხის განხილვას, საკრებულოს სხდომაზე, ყველაზე მეტი დრო დაუთმეს. დეპუტატების აზრთა სხვადასხვაობა 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშისა და ელექტრონული ტენდერების საკითხის განხილვას მოჰყვა. ამაზე საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურს შენიშვნა საკრებულოს თავმჯდომარემაც მისცა.
არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის – სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სარაგბო კლუბის დაფუძნებას მხარი ერთის გარდა, ყველა დეპუტატმა დაუჭირა. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გამოყოფა მოუწევს საკრებულოს მისთვის. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ახალი, რეგიონული აიპის დაფუძნების საჭიროებას ვერ ხედავს.
ახალციხის საკრებულომ ქალაქის სიმბოლოები დაამტკიცა. ახალი გერბისა და დროშის ავტორი სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძეა. ჰერალდიკის კომისიამ, სიმბოლოების შესარჩევად კონკურსი სამჯერ გამოაცხადა. იმის გამო, რომ წარმოდგენილმა ესკიზებმა შესაბამისი კრიტერიუმები ვერ დააკამყოფილა, პირველი ორი კონკურსი ჩაიშალა.
ახალციხის მერია ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავიდა. საკრებულოში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი მერიის მუშაობას უფრო ოპერატიულს გახდის. დღესვე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ თამარაშვილისა და ასპინძის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდს, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრის, ანზორ გელდიაშვილის სახელი მიენიჭება. ეს ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგით მეოთხე სხდომა იყო, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელეს.