”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მსხვილფეხა პირუტყვის კვებისა და მოვლის პირობები მესხეთში

ზამთრის პერიოდში, ტემპერატურის კლებასთან ერთად, სოფლის მოსახლეობას შინაური პირუტყვი ბაგურ კვებაზე გადაჰყავს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზამთარში პირუტყვისათვის თივის გარდა დამატებით საკვების მიცემა უჭირთ, რაც საქონლის წველადობაზე აისახება. ვეტერინარებს კი ამასთან დაკავშირებით, საკუთარი რეკომენდაციები აქვთ.

სოფელ მუსხის მკვიდრის ლიდა ოქრომელიძის ყოველი დილა საქონლის  სადგომში შესვლითა და პირუტყვზე ზრუნვით იწყება. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ ცივა და მინდორში საკვები ბალახი არ არის, მათ მსხვილფეხა ცხოველი ბაგურ კვებაზე ჰყავთ. ოქრომელიძეები სახლის პირობებში საქონელს მხოლოდ თივას უყრიან, იმის გამო რომ ოჯახს ფინანსური რესურსი არ აქვს, პირუტყვს სხვა დამატებით საკვებს ვერ აძლევს, რაც დაბალი წველადობის მიზეზი ხდება.

ოქრომელიძეების მსგავსად, სოფლის ყველა მაცხოვრებელს პირუტყვი ზამთრის პერიოდში ბაგურ კვებაზე გადაჰყავს. ამბობენ, რომ კომბინირებული საკვების მისაცემად სახსრები არ გააჩნიათ, ამიტომ ცხოველებს მხოლოდ თივით კვებავენ. გარდა ამისა, საჭირო პირობები არც საქონლის სადგომებშია . რაც უფრო მეტი პირუტყვი იქნება შენობაში, მით მეტი ტემპერატურა შენარჩუნდება – მიაჩნიათ ადგილობრივებს.

ზამთრის პირობებში ხბოების მოვლა–პატრონობაზე საუბრობენ  სფეროში მომუშავე სპეციალისტები. თემურ ბალახაშვილი ამბობს, რომ მსხვილფეხა პირუტყვი ძირითადად ზამთრი–გაზაფხულის პერიოდში იბადება. იმისათვის, რომ შემდგომში საძოვარზე ადაპტაცია არ გაუჭირდეს, მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სპეციალისტის თქმით, საჭირო დოზით დედის რძის მიღების გარდა, აუცილებელია, ხბოს დამატებით, რძის ფხვნილი და კობინირებული საკვები  მივცეთ. ორგანიზაცია ჯიბიდისი – ფერდის ახალციხის ოფისის წარმომადგენელი, პირუტყვისთვის საჭირო გარემოპირობებზეც საუბრობს.

ზამთრის პერიოდში კობინირებული საკვები მიცემა, აუცილებელია ძროხებისთვისაც. თემურ ბალახაშვილის თქმით, პირუტყვისთვის პროტეინული და ენერგეტიკული საკვების მიღებისას  ნორმების დაცვა გასათვალისწინებელია,  რადგან რომელიმე მათგანის მეტი დოზით მიცემის შემთხვევაში, საქონელი საკვებს ვერ აითვისებს  და ფერმერისათვის ზედმეტი დანახარჯი იქნება.

პირუტყვის დაწყურება, სადგომში ჰიგიენური ნორმების დაცვა, ვენტილაცია და სწორი კვება–ეს იმ რეკომენდაციების  არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ვეტერინარები ფერმერებს აძლევენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თქმით, ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულება  იმის  გარანტიაა, რომ ძროხა ზამთარშიც კარგად მოიწველება და მის ხორციანობაზეც დადებითად იმოქმედებს.

ვეტერინარი ამბობს, რომ ზამთარში პირუტყვის ბაგური კვების მხრივ პრობლემები არსებობს, თუმცა მისი კონსულტაციები შედეგს იძლევა.  მერაბ ნასყიდაშვილის მტკიცებით,  ბოლო პერიოდში აღნიშნულმა, საქონელში წველადობა და ხორციანობა გაზარდა.

ბაგური კვების პერიოდი, ძირითადად ნოემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და მარტის ან აპრილის თვემდე გრძელდება.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე