ქუჩა, სადაც თუკი გუბეში არ გატოპე, გავლა შეუძლებელია, ქალაქ ახალციხეში მდებარეობს. უამინდობის დროს, მისი მაცხოვრებლები სახლიდან გასასვლელად შემოვლით გზებს ეძებენ. დასახლებაში არა მხოლოდ ერთი, არამედ სამი ქუჩიდან ჩამოსული ნალექი გროვდება. წყალი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებსა და სარდაფებს ტბორავს.
დანიელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა, გზის მოწესრიგების მოთხოვნით, ახალციხის მერიას, განცხადებით რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა პასუხს, ამ დრომდე, უშედეგოდ ელიან. ზედა ქუჩიდან ჩამოსული წყალი რომ შეეკავებინათ, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, რამდენიმე თვის წინ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ერთი სანიაღვრე არხი გააკეთა, რომელიც დაუსრულებელია, პრობლემებს ისევ ქმნის და არასაკმარისია.
,,დღეს ეშველებათ თუ ხვალ“ დანიელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, ამის გასარკვევად ,,მე–9 არხმა” ახალციხის მერიას მიმართა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ მათთან პრობლემის შესახებ განცხადება არ შესულა და საკითხზე კომენტარს არ გააკეთებდნენ. ტელეკომპანიიდან განხორციელებული ზარის შემდეგ კი მერიის წარმომადგენლები დანიელაშვილის ქუჩას ესტუმრნენ. ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფს დასახლებაში მერის მოადგილე, ზაზა გელაძე დახვდა, რომელმაც თავდაპირველად კამერებთან გამოჩენა არ ისურვა.
როგორ გადაწყდება დანიელაშვილის ქუჩის საკითხი – ჯერ კიდევ გაურკვეველია. მოსახლეობა ამბობს, რომ მათი პრობლემები მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდა, რაც ადგილობრივვებმა ჯერ ხელისუფლებას მიმართეს, მათი უმოქმედობის გამო კი, საკითხების მედიით გაშუქება ითხოვეს. პროეტესტის შემდეგ, მათ დასახლებაში 2013 წლის ივლისის თვეში ხეები გადაიბელა, იმავე წლის დეკემბრის თვეში, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო, ადგილობრივები, მას შემდეგ, გარე განათებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ.