
ადიგენის მუნიციპალიტეტში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული 34 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1981 წელს დაბადებული ვიქტორ ლ. გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ადიგენის რაიონის სოფელ ზემო ენთელის საავტომობილო გზაზე ახალგაზრდა გოგონას თავს დაესხა და დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასევე ძალადობის მუქარით წაართვა საფულე, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები, რის შემდეგაც ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩაიყვანა იქვე არსებულ ხევში და სცადა მისი გაუპატიურება, რის შემდეგაც ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვიქტორ ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სხვილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლის 1-ლი და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
You must be logged in to post a comment.