ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, ,,ლეიბორისტული პარტიის“ წევრი დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. გიორგი გიუაშვილი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში მისვლას, ბრიფინგის გამართვასა და ჟურნალისტებთან შეხვდრას აპირებდა, თუმცა როგორც ის ამბობს, დაკითხვამდე ცოტა ხნით ადრე დაურეკეს და უთხრეს, რომ მასთან გასაუბრება დღეს აღარ შედგებოდა. რა საკითხზე მოუწევს საუბარი პროკურატურაში – ამის შესახებ დეპუტატი დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ამბობს, რომ საქმე 2013 წელს, გამგებლის მოადგილის პოსტზე მუშაობის პერიოდს ეხება. მისივე ინფორმაციით, პროკურატურამ, სისხლის სამართლის საქმე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართვის საფუძველზე აღძრა. გიუაშვილი აღნიშნულს, მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, რადგან 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. იგი ბორჯომის ,,ლეიბორისტული პარტიის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.