საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავით ხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები: გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100% -იანი წილით დაფუძნებული შპს „მექანიზატორის“ ოპერატორებს, ევალებოდათ ხვნის ბარათების საფუძველზე ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს“ შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერმერისთვის მომსახურების გაწევა შპს „მექანიზატორის“ საბანკო ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის დავით ხუსკივაძის და ბრიგადის მენეჯერების: ვარლამ ბარამაძის, ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დავალებით, შპს „მექანიზატორის“ ოპერატორები, ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, დ.ხუსკივაძე, ვ.ბარამაძე, ა.ლომინაშვილი და ი.სარალიძე იღებდნენ ხელზე და ინაწილებდნენ.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
You must be logged in to post a comment.