”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

შსს – ყაჩაღური თავდასხმა ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღური თავდასხმა ნინოწმინდაში, რომელსაც ერთი ადამიანის მკვლელობა მოჰყვა, სოფელ ტყემლანაში, ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა.

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 6 პირი ტყემლანაში დააკავეს. დაკავებულთა შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2016 წლის 10 იანვარს კობა შ. დანაშაულის მომზადების და დაგეგმვის მიზნით დაუკავშირდა ნოდარ ა-ს, თემურ ბ-ს და ივანე გ-ს. ისინი შეიკრიბნენ ქეთევან ხმალაძის საცხოვრებელ სახლში, სადაც დაგეგმეს ნინოწმინდაში, ფულის გატაცების მიზნით, ბაგრატ ს-ზე ყაჩაღურად თავდასხმა. 13 იანვარს ბრალდებულები ბაგრატ ს-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ, მის მეუღლეს მოტყუებით გააღებინეს კარი, ძალადობითა და ძალადობის მუქარით ემა ს-ს და მის დედამთილს, სონიკ ს-ს ფული და ძვირფასეულობა მოსთხოვეს. სონიკ ს-მ ბრალდებულებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თემურ ბ-მ მას დანით ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. 1936 წელს დაბადებული სონიკ ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ ტანსაცმელი და დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა მიმალვისას, საავტომობილო გზაზე გადაყარეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 108-ე და 376-ე მუხლებით).

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 18/01/2016 by in სამართალი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე