ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაახლოებით დილის 09:00 საათზე, “სუბარუს” მარკის ავტომობილი ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მეეზოვეს დაეჯახა. 1937 წელს დაბადებული ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა.
ცხედარი ამ დროისათვის ახალციხის პროზექტურაშია გადაყვანილი. შემთვევის შესახებ ახალციხის სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურში ზარი 08:43 წუთზე შევიდა. ბრიგადას ქალბატონი გარდაცვლილი დახვდა. ,,მე–9 არხის ინფორმაციით“ მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შპს ,,კეთილმოწყობის“ სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი განმარტავს, გარდაცვლილი დასუფთავების სამსახურში 2007 წლიდან მუშაობდა, თუმცა შემთხვევისას იგი სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა. გიორგი ლონდარიძის განმარტებით, მას საკუთარი საცხოვრებელი სახლი არ ჰქონდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობა მას ეტაპობრივად გარკვეულ დახმარებას უწევდა, ამ დროისათვის კი გარდაცვლილის შვილის მოძიება მოხერხდა და ქალბატონს სომხეთიდან ელოდებან. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.