ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის რაიონულ პროკურატურას განმეორებითი განცხადებით მიმართა, რომ ახალციხის მერის ბრალდებებთან დაკავშირებით ძიება დაიწყოს.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონული კოორდინატორის თქმით, ახალციხის რაიონული სამმართველოსგან წინა განცხადებაზე პასუხი მიიღო, რომ იგი წარმოადგენს სამოქალაქო დავის საგანს და მათ მიერ საქმის გამოძიება ვერ იქნება დაწყებული.
ჯიმშერ გოგოლაურის მტკიცებით კი გიორგი კოპაძის ბრალდება, რომ სამართალდამცავ სტრუქტურაში მუშაობის პერიოდში იგი პატიმრებს აწამებდა, სისხლის სამართლის კოდექსის პასუხიმგებლობის საკითხია და საქმის ძიებაც სწორედ ამ მიმართულებით უნდა მოხდეს. შესაბამისი განცხადებით ხელმეორედ, პროკურატურას, მან დღეს, 11 იანვარს მიმართა და მოითხოვა, რომ საქმეს სწორი მსვლელობა მიეცეს და პროკურორმა იგი პირად კონტროლზე აიყვანოს.
გარდა ამისა, ჯიმშერ გოგოლაურის თქმით, მან განცხადება პროკურორთან შეხვედრის თაობაზეც დაწერა, თუმცა განუმარტეს, რომ პროკურორი მოქალაქეებს არ ხვდება.
შეგახსენებთ, რომ ჯიმშერ გოგოლაურმა ახალციხის მერის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი 11 დეკემბერს შეიტანა. „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი ახალციხის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდა.
გოგოლაურის თქმით, კოპაძემ თოქ–შოუ „დიალოგში“ მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრისა და ქალაქის მერის დაპირისპირება, 10 დეკემბერს გადაცემა „დილოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დაიკითხნენ: თავად ჯიმშერ გოგოლაური, გადაცემის წამყვანი რუსუდან გვრამაძე და ოპერატორი რამაზ ალავიძე. რაც შეეხება ქალაქის მერს, გიორგი კოპაძემ განაცხადა, რომ გამომძიებელი მას კაბინეტში ესტუმრა და დეტალები გამოკითხა.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” რეგიონული კოორდინატორის თქმით, პროკურატურიდან პასუხს ელოდება, რის შემდეგაც გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს.
You must be logged in to post a comment.