ახალციხეში რუსთაველის ქუჩაზე, მეხუთე საჯარო სკოლასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში შეფერხდა.
„ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი ირწმუნება, რომ ქვეითად მოსიარულემ წინ უცაბედად გადაურბინა. მისი მტკიცებით, ავტომობილი მალევე დაამუხრუჭა, თუმცა მოქალაქეს მაინც დაეჯახა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა მამაკაცი, პირველადი დახმარების გასაწევად, ახალციხის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ–ის 276–ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ვადით სამ წლამდე, ან უამისოდ.