”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის ციხიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სასამართლოში ჩივილს აპირებენ

,,ახალციხის ციხის” 16 თანამშრომელი, იანვრიდან, ისტორიულ კომპლექსში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. ამის შესახებ, გათავისუფლებულებს, ოფიციალურად დღეს განუცხადეს. ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ გიდებს, მეთვალყურეებს და მარეგულირებლებს ხელშეკრულება, რომელიც დეკემბერში უსრულდებათ, აღარ გაუგრძელოს. ამ გადაწყვეტილებას იმ პირების უკმაყოფილება მოჰყვა, ვინც ახალციხის ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს.

ახალციხის ციხის 16 თანამშრომელი, ახალ წელს უმუშევარი შეხვდება. ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილების შესახებ, 9 გიდს, 3 მეთვალყურესა და 4 მარეგულირებელს ოფიციალურად დღეს, 29 დეკემბერს, თათბირზე განუცხადეს.  კომპლექსის ხელმძღვანელობამ  გადაწყვიტა, რომ თანამშრომლების ნაწილს, იანვრიდან ხელშეკრულება აღარ გაუგრძელოს. მიზეზად იმას ასახელებენ, რომ ახალციხის ციხეს არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი და ზამთარში ტურისტების რაოდენობა მცირეა.

აღნიშნულის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ გიდები. თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ ახალციხის მერს შეხვდნენ. მათი თქმით, გიორგი კოპაძე დაპირდა, რომ მათ საკითხს იანვარში განიხილავს და მათი ხელფასებისთვის ბიუჯეტში თანხების მოძიებას შეეცდება. გიდებთან შეხვედრას უარყოფს ახალციხის მერი.

ადმინისტრაციის განმარტებით, 14 თანამშრომელს ხელშეკრულებას ხელახლა აპრილის თვიდან გაუფორმებენ, ორი მეთვალყურე კი სამსახურის გარეშე რჩება. ისინი სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ და სარჩელს სასამართლოსთვის ამზადებენ.

ქალაქის მერი კომპლექსისთვის სუბსიდიის გაზრდას არ აპირებს. მისი თქმით, ახალციხის ციხემ თავის გატანა საკუთარი შემოსავლებით უნდა შეძლოს. თანამშრომლები კი განმარტავენ, რომ შემოსავლების გაზრდა იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კომპლექსი მრავალპროფილიანი გახდება.

ის, რომ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდებოდათ, ახალციხის ციხის თანამშრომლებმა,  ,,მე–9 არხის“ გადამღები ჯგუფისგან 22 დეკემბერს შეიტყვეს. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ხელმძღვანელობას მათთან ამ თემაზე არ უსაუბრია.

ახალციხის ციხის ბიუჯეტი, 2015 წელს, ისევე როგორც მომავალ წელს, 200 ათასი ლარი იყო. მიუხედავად ამისა, მიმდინარე წელს სამსახური არცერთ თანამშრომელს დაუტოვებია. რატომ ვერ ახერხებს ისტორიული კომპლექსი თანამშრომლების შენარჩუნებას მომავალ წელს იგივე ბიუჯეტით – ეს არის კითხვა, რომელზე პასუხიც 16–მა თანამშრომელმა ადმინისტრაციისგან ვერ მიიღო.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე