მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში შესრულებულ სამუშაოებზე შპს „ოპტიმალ გრუპ +“–ის დასკვნა დაიდო. დოკუმეტის მიხედვით, ინდივიდუალურ მეწარმე „ქრისტინე სარაშვილს“ თეატრის ადმინისტრაციამ, შესრულებული სამუშაოებისათვის 119 189 ლარი უნდა ჩაურიცხოს. რაც შეეხება სცენას, რომელიც დაწესებულების ხელმძღვანელობამ დაიწუნა, ექსპერტებმა ნაწილობრივ ჩაიბარეს.
მიუხედავად ამისა, მშენებარე კომპანია მაინც დაჯარიმდა, რადგან მან ხელშეკრულებით გაწერილ დროში სამუშაოების დასრულება ვერ მოახერხა, ამიტომ მას პირგასამტეხლოს საფასურის გადახდა 4 760 ლარის ოდენობით დაეკისრა.
ინდ.მეწარმე „ქრისტინე სარაშვილის“ ხელმძღვანელი სანქციას აპროტესტებს და სამუშოს დროულად შეუსრულებლობის მიზეზებს განმარტავს. ამბობს, რომ 70–დან 34 დღე წვიმდა, უამინდობამ კი სამუშაოები შეაფერხა. ნალექის გარდა, სცენის რეაბილიტაციის პარალელურად რეპეტიციების მიმდინარეობა კომპანიისთვის კიდევ ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა. ამიტომ ნუგზარ სარაშვილი აპირებს თეატრის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივლოს.
შეგახსენებთ, რომ კულტურის სამინისტრომ მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციისათვის 140 ათასი ლარი გამოყო, სამუშაოებისათვის ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც მხოლოდ, ინდ. მეწარმე „ქრისტინე სარაშვილი“ მონაწილეობდა.