ახალციხეში საახალწლო სამზადისი დაიწყო. ირთვება ნაძვის ხეები, ქუჩები და ცნობილია საახალწლო კონცერტის დეტალებიც. მოსწონთ თუ არა ადგილობრივებს მორთული ქუჩები და ბუნებრივი ხე, ვინ იზრუნებს ახალი წლის ღამეს ადგილობრივების განწყობაზე და რა თანხა იხარჯება საახალწლო განწყობისთვის – თემით “მეცხრე არხი” დაინტერესდა.
ახალციხეში მორთულ ნაძვის ხეს ზოგი ღიმილით, ზოგი სერიოზულად უყურებს. მოსახლეობის ნაწილს ახალი წლის სიმბოლო არ მოსწონს, ნაწილი კი თვლის, რომ ბუნებრივი ხე ქალაქს ალამაზებს. თუმცა ყველა ერთხმად თანხმდება, რომ სადღესასწაულო განწყობის შექმნა უკეთესადაც შეიძლებოდა.
ადგილობრივების აზრი ნაძვის ხის მგავსად ქალაქის მორთულობაზეც ორად იყოფა. ერთ ნაწილს განათება ეცოტავება, მეორე ნაწილი კი ადგილობრივი თვითმართველობის ნამუშევრით კმაყოფილია.
იმისათვის, რომ ქალაქში საახალწლო განწყობა შექმნილიყო სადღესასწაულო აქსესუარებისა და სამუშაოებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან, 46 300 ლარამდე გამოიყო. ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმემ ამირან ნოზაძემ გაიმარჯვა. მან პასუხისმგებლობა კოსტუმირებული საახალწლო ღონისძიების, ახალციხის ქუჩების, ცენტრალური პარკის, სკვერებისა და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვაზე აიღო. ცენტრალურ პარკთან და ქუჩებთან ერთად ირთვება შოთა რუსთაველის ძეგლთან და იუსტიციის სახლთან არსებული სკვერები. ქალაქში წელს პირველად დაიდგმება მანათობელი ლითონის კონსტრუქციები. ბუნებრივი ხის მორთვა 25 დეკემბერს დასრულდება, რომელიც ქალაქში 20 დღის განმავლობაში დარჩება.
სწორედ დღესვე გახდა ცნობილი, რომ ახალიციხელების განწყობის გასაუმჯობესებლად საახალწლო კონცერტიც გაიმართება. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო ,,სიმი“, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. ხუთ შემსრულებელს კიდევ სამი ცნობილი მომღერალი დაემატება, თუმცა მათი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ისიც ცნობილია, რომ ქართული ესტრადის წარმომადგენლები ახალციხის მერიის მოთხოვნის მიხედვით შეარჩიეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს, საღამოს 10–ის ნახევარზე დაიწყება და 12:00 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. ყველა ხარჯს კულტურის სამინისტრო დაფარავს. 31 დეკემბერს პატარებისათვის, კონცერტი 15:00 საათზე დაიწყება. ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ზღაპრის გმირის კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება, რის შემდეგაც 500–მდე ბავშვს საჩუქარი დაურიგდება.