ახალციხეში, ტანსაცმლის მაღაზიაში მომხდარი ქურდობა გახსნილია. სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული ა.პ 17 დეკემბერს, ღამით დააკავეს. 30 წლის ახალგაზრდა ქალბატონი ახალციხის მკვიდრია, მისი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია ნაქურდალი საფულე, ბარათები და თანხა 4 ათასი ლარის ოდენობით. ვინ არის დაკავებული – დაზარალებულმა ჯერ არ იცის. ნანა გიგუაშვილი „მეცხრე არხთან“ განმარტავს, რომ დეტალების შესახებ რაიონული სამმართველოდან ჯერ არ უცნობებიათ და არც ბრალდებულს შეხვედრია. დაზარალებულს თანხა კრედიტის გადასახდელად და მაღაზიაში ახალი ტანსაცმლის შემოსატანად ჰქონდა გათვალისწინებული. კითხვაზე შეიძლებოდა თუ არა სცოდნოდა ბრალდებულს იმის შესახებ, რომ მას დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა – ნანა გიგუაშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია, რადგან ბანკიდან თანხა ერთდროულად არ აუღია. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.