ახალციხის მუნიციპალიტეტის თემის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. დეპუტატებმა მთავარ ფინანსურ დოკუმენტს კენჭი დღეს უყარეს. თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, მისთვის მხარი არ დაუჭერიათ. მათ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვთ, ხელმძღავნელი პირები კი მთავარ პრიორიტეტებზე საუბრობენ.
21 მომხრე და 5 წინააღმდეგი – ახალციხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია. სხდომას 30 დეპუტატიდან, 26 მათგანი დაესწრო. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი, „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთმა დეპუტატმა დაუჭირა. ფრაქციის ხელმძღვანელი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ პროექტი გამართული არ არის. მაკა სუდაძის თქმით, მასში შენიშვნები ბევრი იყო. თუმცა, წარმომადგენლობით ორგანოში წერილობითი რეკომენდაცია დეპუტატს არ წარუდგენია.
2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გარდა, საკრებულოს სხდომაზე მომავალი წლის სოციალური დახმარების გაცემის წესიც დამტკიცდა. ამ კუთხით ფინანსურ დოკუმენტში 20 000 ლარი გაიწერა. შეიცვალა სოციალური დახმარების პაკეტი, მას ონკოლოგიურ დაავადებებზე დაფინანსება დაემატა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები განმარტავენ, რომ მომავალ წელს მთავარი პრიორიტეტები უცვლელი რჩება და კვლავ ინფრასტრუტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება იგეგმება. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 2016 წლის ფინანსური დოკუმენტის გარდა, მიმდინარე წლის ბიუჯეტზეც ისაუბრეს. აქ ცვლილებები სხვდსხვა პუნქტში განხორციელდა.
ეს, მიმდინარე წელს წარმომადგენლობით ორგანოში, ბოლო რიგით მეთვრამეტე სხდომა იყო. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 12 საკითხზე იმსჯელეს. 2016 წლის ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კი 4 მილიონ 452 ათასი ლარით დამტკიცდა.