„ხმა ამოიღეთ!“ – ამ სახელწოდების ფილმის ჩვენება დღეს ახალციხეში მოეწყო. იგი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ იყო მიძღვნილი. 45 წუთიანი დოკუმენტური მასალა რეალურ ფაქტებს შეიცავდა, სადაც ძალადობის შესახებ, საკუთარ ისტორიებს თავად მსხვერპლი ქალები ჰყვებოდნენ. ფილმში ნაჩვენები იყო საზოგადოების წევრთა სხვადასხვა მოსაზრება, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქალი, როცა მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. შეხვედრის მეორე ნაწილში თემის გარშემო დისკუსია მოეწყო.
ფილმის ჩვენება ქალთა და გოგონათა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული 16 დღიანი აქციის, სახელწოდებით, „ფორთოხლისფერი მსოფლიო, შეაჩერე ძალადობა გოგონებისა და ქალების წინააღმდეგ“ ფარგლებში მოეწყო. კამპანია ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იმართება.
ახალციხეში პროექტი „მერსი ქორფსის“ მხარდაჭერით განხორციელდა. მას ორგანიზება ადგილობრივმა თვითმმართველობამ და „ქალთა ოთახის“ წარმომადგენლებმა გაუწიეს.
ფილმის ჩვენება ახალციხის შემდეგ სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის დაგეგმილი.