”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

გაფიცული მუშახელი საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას არ აპირებს

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში დასაქმებულები აქციას აგრძელებენ. მუშები საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტას, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ. დღესვე დამსაქმებელსა და გაფიცულთა შორის  შეხვედრა შედგა, თუმცა, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის ფარგლებში დასაქმებულებმა აქცია შუადღეს დაასრულეს. მუშები საპტოტესტო გამოსვლებს 4 დეკემბერს გააგრძელებენ.  გაფიცულმა თანამშრომლებმა   ობიექტამდე მისასვლელი  გზა ისევ გადაკეტეს. აქციის მონაწილეებმა მხოლოდ საკვებით დატვირთული ავტომობილი შეუშვეს. საწვავისა და სამშენებლო მასალების მანქანები კი გზაზე არ გაატარეს.

აქციის მონაწილეებთან კომპანიის დავალებით, ერთ–ერთი თანამშრომელი გამოვიდა. ილია ბეჟაშვილმა მათ, ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების  მიზნით, ლიდერების სიის ჩამოწერა დაავალა, რაზეც გაფიცულებმა კატეგორიული უარი განუცხადეს. მათი თქმით, აქციის პირველ დღეს, იგივე მიზეზით,  30 კაციანი სია შეადგინეს, რის შემდეგაც, ისინი აქციის მოთავეებად მიიჩნიეს და სამსახურიდან გაათავისუფლეს. მუშები შიშობდნენ, რომ   ამჯერადაც იგივე განმეორდებოდა.

კომპანიის წარმომადგენელმა შეკრებილებს ასევე განუცხადა, რომ ხელმძღვანელობას თანამშრომელთა მოთხოვენების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამიტომ მუშებმა ხელმოწერები  შეაგროვეს და მოთხოვნები წერილობით ჩამოაყალიბეს.  გაფიცული თანამშრომლები შემცირებული საათებისა და ხელფასის გაზრდას, შაბათ დღეს ანაზღაურების გაორმაგებასა და კვების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.

დამსაქმებელსა და გაფიცულთა შორის საბოლოოდ შეხვედრა შედგა, თუმცა მუშების თქმით,  შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ საპროტესტო აქცია დაიშალა. შეგახსენებთ, რომ  თანამშრომელთა უკმაყოფილება  დამსაქმებელი კომპანიის მიერ სამუშაო საათებისა და შესაბამისად, ხელფასის ოდენობის შემცირებამ გამოიწვია.

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტს კომპანია ბიპი კურირებს, სამუშაოებს კი ქვეკონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ.

 

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე