”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მესხეთის სიმდიდრის მცველი – უნიკალური ნიმუშების კოლექციონერი ადიგენიდან

ასობით შეგროვებული ნიმუში და უცხოელების მიერ 20 000 ლარად  შეფასებული სიმდიდრე – სოფელ ადიგენის მკვიდრი ვლადიმერ ინასარიძე გაქვავავებული ხეების ნიმუშებს 15 წელია აგროვებს.   მდინარის მიერ ჩამოტანილი მასალა 10–დან 15 –მილიონამდე წელს ითვლის. კოლექციონერის მიზანს,  გაქვავებული ხეებით ტურისტების დაინტერესება წარმოადგენს. პარალელურად იგი ცდილობს მესხეთის ბუნებრივი სიმდიდრე დაზიანებასა და დაკარგვას გადაარჩინოს.  უნიკალური ნიმუშების კოლექცია –  ექსკლუზიურად „მეცხრე არხის“ ეთერში

ვლადიმერ ინასარიძემ გაქვავებული ხეები, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ძირითადად, მდინარის ნაპირებზე შეაგროვა. 15 წლის წინ ხის ასეთ ნატეხს შემთხვევით წააწყდა და იმდენად მოიხიბლა, რომ  მისი შეგროვება გადაწყვიტა. სოფელ ადიგენის მკვიდრმა ამ ხნის მანძილზე, არაერთი გაქვავებული ხე მოიძია. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და შეფერილობის ხის კუნძებმა, რომელიც დღეს უკვე ნახევრად ძვირფას ქვას წარმოადგენს, ბინა კოლექციონერის ეზოში დაიდო. აქ თავმოყრილი მასალა  10–დან 15 მილიონამდე წელს ითვლის. როგორც თავად ამბობს, ეს იშვიათი და უნიკალური ნიმუშების კოლექციაა.

კოლექციონერი ამბობს, რომ მის მიზანს ამ უნიკალური ნიმუშებით, ტურისტების დაინტერესება წარმოადგენს. უნდა რომ ადიგენში  „გაქვავებული ხეების სახლი“ მოაწყოს და მსურველებს მისი უნიკალურობა აუხსნას. თუმცა, გულდაწყვეტით აღნიშნავს,  რომ მისი იდეით, ამ დრომდე არავინ დაინტერესდა. მიუხედავად ამისა, იგი მდინარის მიერ ჩამოტანილი გაქვავებული ხეების შეგროვებას მაინც აგრძელებს. ამაში იგი არც თანხას და არც დაფინანსებას ითხოვს. უბრალოდ ცდილობს მესხეთის ბუნებრივი სიმდიდრე დაზიანებასა და დაკარგვას გადაარჩინოს.

ადიგენის გამგეობაში ვლადიმერ ინასარიძის კოლექციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ რაიმე კონკრეტული იდეის შესახებ დაინტერესებულმა პირმა გამგეობას წერილობით უნდა აცნობოს, რის შემდეგაც გაირკვევა რა შეიძლება გააკეთოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ.

გაქვავებული ხეების მასალა მდინარეს სავარაუდოდ გოდერძის უღელტეხილზე არსებული ნამარხი ტყიდან ჩამოაქვს. ბუნების ძეგლი პლიოცენის პერიოდის განამარხებული ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ადგილსამყოფელს წარმოდაგენს, რომელიც  ზღვის დონიდან 1 600-2 100 მ. სიმაღლეზე მდებარეობს.  აღნიშნულ მონაკვეთზე მეცნიერების ვარაუდით დაახლოებით 80–მდე ხის ჯიშია გაქვავებული, მათ შორისაა ისეთიც, რომელიც დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე არ მოიპოვება.

მეცნიერებისა და ისტორიკოსების ვარაუდით, გაქვავებული ტყე ვულკანის  ამოფრქვევის შემდეგ, ლავის ქვეშ ტყის მასივების მოქცევის შედეგად წარმოიქმნა. სწორედ ცხელი მასის ზემოქმედებით მოხდა ის, რომ წლების განმავლობაში არ არის შეცვლილი ხის ზომა და ფორმა.   სპეცილისტების თქმით, უღელტეხილზე არსებული გაქვავებულ ტყის ანალოგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არ არსებობს.

დატოვე კომენტარი:

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე