ახალციხეში მეორე საჯარო სკოლის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სასწავლო დაწესებულებაში, ამ ეტაპზე, ოთხი საკლასო ოთახის რემონტი და სპორტდარბაზის მოწყობა ხდება. პარალელურად მიმდინარეობს ეზოს შემოღობვა. მეორე სკოლაში ამბობენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეზოს გამწვანება იგეგმება.
შენობის რეაბილიტაციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. სკოლის დირექტორის განმარტებით, აღნიშნული სამუშაოების გამო, სასწავლო პროცესი არ შეფერხებულა.
ბელა დიასამიძის თქმით, რემონტის დასრულება დეკემბრის ბოლოსთვის იგეგმება, თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, სკოლაში სხვა პრობლემებიცაა, რომლის მოგვარებაც მეორე ეტაპზე დაიწყება. მოეწყობა მინი–სტადიონი და გაიხსნება ექიმის კაბინეტი.
როდის მოხდება სკოლაში ყველა პრობლემის მოგვარება, სასწავლო დაწესებულებაში ამას ვერ აკონკრეტებენ.