ვალეში, სტალინის ქუჩის მაცხოვრებლებს უსახლკაროდ დარჩენა ემუქრებათ. 208 ადამიანს ცხოვრება ავარიულ შენობაში უწევს და ყოვლდღიურად საცხოვრებლის დანგრევას ელოდება. ისინი დახმარებისათვის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, და მათგან საკითხით დაინტერესებას მოითხოვენ.
ციცინო მიგრიაულის მსგავსად, დახმარებას, სტალინის 26 ნომერში მცხოვრები ყველა მოსახლე ითხოვს. ვალელები ხელისუფლებას ავარიული კორპუსის შეკეთებას ან მოსახლეობის ახალი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ.
22 ავარიულ კორპუსში ცხოვრება, 208 ოჯახს უწევს. ვალეში ამბობენ, რომ მრავალსართულიანი ბინები 60–70 წლის წინ აშენდა. ადგილობრივების თქმით, შენობებს ბზარები ყოველდღიურად ემატება. დაახლოებით, 10 წლის წინ კი, მსგავს მდომარეობაში მყოფი ერთი კორპუსი სრულად დაინგრა. ადგილობრივების ვარაუდით, შენობების ნგრევა მხოლოდ სიძველის გამო არ არის გამოწვეული. მათი თქმით, ნაგებობა უხარისხო მასალისგანაა აშენებული, ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ თურქეთიდან მომავალ ტრაილერებს ქალაქში გავლა უწევთ. შენობები ტრანსპორტის მოძრაობისას წარმოქმნილი ბიძგების გამო ინგრევა. ვალელები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.
გამგეობაში ამბობენ, რომ პრობლემის შესახებ იციან, თუმცა ამ დრომდე მისი მოგვარება ვერ ხერხდება. საკითხი დღის წესრიგში წლებია დგას. გამგებლის წარმომადგენელი ვალეში ამბობს. რომ ადგილობრივი ხელისუფლება გეოლოგების დასკვნას ამ დრომდე ელის. ელიოზ ბარბლიშვილი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წელს სტალინის #26 მდებარე კორპუსის გამაგრება მოხდება.
ელიოზ ბარბლიშვილი ამბობს, რომ ვალეში ავარიული შენობების მდგომარეობა გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს. ადგილობრივი ხელისუფლება დასკვნას ელის. სპეციალისტების პასუხზეა დამოკიდებული, კიდევ რამდენ ხანს მოუწევთ დანგრევის პირას მყოფ სახლებში ცხოვრება ვალელებს.