”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მკრტიჩ მოვსესიანი და ნანი დათაშვილი – წლის წარმატებული ფერმერები მესხეთში

აგრარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ქვეყანაში ყველაზე წარმატებული ფერმერები, შპს და კოოპერატივები დააჯილდოვა. მათ შორის მოხვდა ახალციხის მუნიციპალიტეტიდან  მკრტჩ მოვსესიანი და ასპინძიდან ნანი დათაშვილი.

მკრტიჩ მოვსესიანი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაჯილდოვებულ წარმატებულ ფერმერთა სიაში მოხვდა. იგი სოფელ  სხვილისში ფერმერულ მეურნეობას 30 წელია მისდევს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაშტაბით, ახალი სათესლე კარტოფილის გამოცდა პირველმა სწორედ მან დაიწყო. მეკარტოფილეობის გარდა, ფერმერი სხვადასხვა კულტურისგან ყოველწლიურად მაღალ მოსავალს იღებს. გაწევრიანებულია  სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში. ბოლო პერიოდში კი სამი კოოპერატივი ჩამოაყალიბა, რომელიც მეკარტოფილეობის, მეფუტკრეობისა და მესაქონლეობის კუთხით მუშაობს. მკრტიჩ მოვსესიანი „მეცხრე არხთან“ მინისტრის მიერ გადაცემულ ჯილდოზე საუბრობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯილდო გადაეცა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრებ ნანი დათაშვილს, რომელიც ვაიოსველის მთებში პარმეზანის ტიპის ყველს „ხიზაბავრულ ბატისტას“ აწარმოებს. ყველი იტალიური ტექნოლოგიითა და ქართული რეცეპტით მზადდება.  გარდა ამისა  ფერმერი,   ქართულ ყველს, მაწონსა და ხაჭოსაც  აწარმოებს.

ფერმერები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ აგარარული დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, დააჯილდოვა. ცერემონია „ექსპო–ჯორჯიაში“ გაიმართა, რომელსაც წარმატებულ ფერმერებთან ერთად ამ მიმართულებით მომუშავე  ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამცხე–ჯავახეთის წარმატებულ ფერმერებთან ერთად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ 12 ფერმერი, ერთი შეზღუდული პასუხისმგებლობის სააგენტო და ორი კოოპერატივი დაჯილდოვდა. ცენტრალური უწყების გადაწყვეტილებით, 20 ნოემბერი საქართველოში ფერმერის დღედ დაწესდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მაშტაბით, წარმატებული ფერმერები მედლებითა და სიგელებით,  ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან.

დატოვე კომენტარი:

Information

This entry was posted on 23/11/2015 by in სხვადასხვა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე